„პუტინის თავდაჯერება სუსტდება?“ -  როგორ იცვლება ომის ტონი და რას ამბობს ეკონომიკა რუსეთის შესაძლებლობებზე?

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წელს სამხედრო ფრონტზე მასშტაბური გარღვევა არც ერთ მხარეს არ დაუფიქსირებია, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე შეინიშნება პოლიტიკური რიტორიკისა და ეკონომიკური რეალობის დონეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ევროპარლამენტარ რიჰო ტერასის შეფასებამ, რომლის თქმითაც, ვლადიმირ პუტინის ტრადიციული თავდაჯერებული და დომინანტური რიტორიკა თანდათან უფრო ფრთხილი და ეკონომიკურ პრობლემებზე ორიენტირებული ხდება.

ტერასის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პუტინისთვის გაგზავნილი ღია წერილი მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი არ ყოფილა. მისი აზრით, ეს იყო ფართო საინფორმაციო და პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც რუსეთის პრეზიდენტის ისეთ ლიდერად წარმოჩენა იყო, რომელსაც მშვიდობაზე საუბარი არ სურს.

„პუტინს ამ გზავნილზე არც სწრაფი და არც მკაფიო პასუხი არ ჰქონია. ვფიქრობ, ზელენსკიმ საკმაოდ წარმატებით შეძლო მისი შედარებით სუსტ ფიგურად წარმოჩენა,“ აცხადებს ტერასი.

ესტონელი ევროპარლამენტარი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის გამოსვლა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა წლებისგან.

„ნათელი ხდება, რომ პუტინის დომინანტური და ამპარტავნული ქცევა ეკონომიკაზე და იმაზე საუბრით შეიცვალა, თუ როგორ და რა პირობებით შეიძლება ომის დასრულება,“ ამბობს ტერასი.

მართალია, ასეთი შეფასებები მეტწილად პოლიტიკური ინტერპრეტაციის სფეროს განეკუთვნება, თუმცა ეკონომიკური მონაცემები მართლაც მიუთითებს, რომ კრემლისთვის ომის ღირებულება იზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებმა ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 40% შეადგინა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ თავდაცვის მიმართულებით ხარჯები 13 ტრილიონ რუბლს აჭარბებს.

ამავე დროს, რუსეთის ეკონომიკა კვლავ ინარჩუნებს ზრდას, თუმცა მისი სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო წარმოებასა და სახელმწიფო შეკვეთებზე მოდის. რუსეთის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრები უკვე საუბრობენ გადახურებული ეკონომიკის ნიშნებზე, მათ შორის სამუშაო ძალის დეფიციტზე, მაღალი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების პრობლემაზე.

სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე თავად პუტინმაც აღიარა, რომ ეკონომიკის წინაშე ინფლაციის, კადრების დეფიციტისა და საინვესტიციო რესურსების გადანაწილების გამოწვევები დგას. ეს ტონი მკვეთრად განსხვავდება ომის პირველ წლებში გაკეთებული განცხადებებისგან, როდესაც ყურადღება ძირითადად სამხედრო წარმატებებსა და დასავლეთის წინააღმდეგობას ეთმობოდა.

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინის რიტორიკის ცვლილება სისუსტის პირდაპირი მტკიცებულება არ არის. მათი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ერთდროულად ორი აუდიტორიისთვის მუშაობას: შიდა საზოგადოებისთვის სტაბილურობის დემონსტრირებას და საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ჩვენებას, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

სწორედ ამიტომ, დასავლურ ანალიტიკურ წრეებში განსხვავებული შეფასებებიც არსებობს. მაგალითად, ამერიკული კვლევითი ცენტრი ISW აღნიშნავს, რომ კრემლი კვლავ ინარჩუნებს მაქსიმალისტურ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ და არ ჩანს ნიშნები, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზნები არსებითად შეიცვალა.

ტერასი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის მთავარი იმედი დღემდე დასავლეთის დაღლა იყო, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ეს სცენარი ნაკლებად რეალისტური გახდა.

„90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის დახმარების პაკეტი უკვე დამტკიცებულია. ასევე აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც ევროკავშირის დონეზე უკრაინის მხარდაჭერას იდეოლოგიური მიზეზებით დაბლოკავს,“ აცხადებს ევროპარლამენტარი.

ევროკავშირის მიერ 2024-2027 წლებისთვის დამტკიცებული 50 მილიარდი ევროს Ukraine Facility უკვე მოქმედებს, ხოლო ცალკე სამხედრო და ფინანსური დახმარებების გათვალისწინებით, ევროკავშირის საერთო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად აღემატება ამ მოცულობას. პარალელურად, ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს ამუშავებენ.

ტერასი ასევე ყურადღებას ამახვილებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაზე.

„უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ სტრატეგიული გავლენის მქონე შორ მანძილზე მოქმედი სისტემების წარმოება შეუძლია,“ აცხადებს ის.

ბოლო თვეებში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწვავის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე, მართლაც გახშირდა. Reuters-ისა და Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინულმა შეტევებმა რამდენჯერმე შეაფერხა რუსეთის საწვავის გადამუშავების შესაძლებლობები და დამატებითი ხარჯები შექმნა ენერგეტიკული სექტორისთვის.

მიუხედავად ამისა, ტერასი აღიარებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ვითარება კვლავ ჩიხურია.

„ვერც უკრაინა დაიკვეხნის მაინცდამაინც დიდი წარმატებებით. მან ვერ შეძლო ფრონტის ხაზის უკან გადაწევა და ტერიტორიების დაბრუნება. ეს უფრო პატის მდგომარეობა და ჩიხური ბრძოლაა,“ ამბობს ევროპარლამენტარი.

სწორედ ეს გარემოება ხდის ეკონომიკურ ფაქტორს სულ უფრო მნიშვნელოვანს. თუ ომის პირველ წლებში მთავარი კითხვა იყო, რამდენად სწრაფად შეძლებდა რომელიმე მხარე სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, დღეს ყურადღება სულ უფრო მეტად გადადის იმაზე, რომელი მხარე შეძლებს უფრო დიდხანს შეინარჩუნოს ფინანსური, საწარმოო და პოლიტიკური მდგრადობა.

ამ ეტაპზე დასავლეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის დაფინანსებას, ხოლო რუსეთი სამხედრო ეკონომიკის მოდელზეა გადასული. ორივე მხარე მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს, თუმცა ეკონომიკური ზეწოლა განსაკუთრებით მწვავედ სწორედ რუსეთისთვის ხდება, რადგან სამხედრო ხარჯების ზრდა თანდათან სხვა სექტორების დაფინანსების შესაძლებლობას ამცირებს.

ამიტომაც, რიჰო ტერასის შეფასება მხოლოდ პუტინის რიტორიკას არ ეხება. ის უფრო ფართო პროცესზე მიუთითებს: ომი, რომელიც თავდაპირველად სამხედრო ძალის დემონსტრირების ასპარეზი იყო, სულ უფრო მეტად ეკონომიკური გამძლეობის კონკურსად იქცევა. და სწორედ ამ ბრძოლაში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა კრემლი სამხედრო ამბიციების შენარჩუნებას იმ პირობებში, როდესაც ომის ფასი ყოველწლიურად იზრდება.