საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების განსახილველად შედგა. მხარეებმა, ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების სისტემები განუწყვეტლივ ვითარდება. CIPS-თან თანამშრომლობა კი მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.
„საქართველოს პირველად სტუმრობს ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის დელეგაცია. ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული ყოვლისმომცველი მემორანდუმის ერთ-ერთი მიმართულება ორი ქვეყნის საფინანსო სისტემებს შორის ტრანზაქციების გამარტივება და ხელმისაწვდომიბის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ვაჭრობას, ვაჭრობა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის. ასევე, ორ ქვეყანას შორის გადახდების სისტემების გამარტივება, რა თქმა უნდა ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, -განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტმა ფუ ჰუანგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კავშირი საზღვრისპირა გადახდების რაოდენობის ზრდაზე აისახება. CIPS-ის მსგავსი საგადახდო სისტემების ინტეგრაცია კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. კარგად განვითარებული, ეფექტური და უსაფრთხო საგადახდო ინფრასტრუქტურა ძალიან სასარგებლო იქნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ფუ ჰუანგმა.
ვიზიტის ფარგლებში CIPS-ის მენეჯმენტმა შეხვედრები გამართა ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან. მათ ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ გლობალური ქსელის ნაწილი, მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-ი, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს დაარსებული ავტორიზებული გადახდის სისტემაა. კომპანია სპეციალიზირებულია იუანის საზღვრისპირა გადახდების კლირინგში. დაარსებიდან დღემდე, CIPS-მა მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეების ფართო ქსელი შექმნა თითქმის ყველა ძირითად რეგიონში. ამჟამად, CIPS-ის ქსელში 185 ქვეყნის 4700 ზე მეტი საბანკო ინსტიტუცია მონაწილეობს. 2024 წელს CIPS-ის წლიური საქმიანობის მოცულობა 570 ტრილიონ იუანს აჭარბებდა.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს