საქართველომ 2024 წლის დეკემბერში ENKA-სთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. მაშინ, კომპენსაციის მოცულობის შესახებ ცნობილი გახდა თავად ENKA-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომლის თანახმადაც კომპენსაცია 383.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ განაჩენს გაასაჩივრებდნენ.
თუმცა, როგორც ირკვევა, განაჩენი მზარდია და მისი აღსრულებისთვის ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, აღნიშნულ სასამართლოში დარეგისტრირებული მიმართვის თანახმად კომპენსაციის მოცულობა უკვე გაზრდილია და ის უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება. ამასთან, აღნიშნულ თანხას საურავიც ერიცხება, რაც FED-ის განაკვეთს პლიუს 4%-ს შეადგენს, ეს კი ამჟამად 8.5%-ია.
მიმართვის თანახმად, საქართველოს მიერ გადასახდელი კომპენსაციებია:
- -საქართველოს დაეკისროს Enka-სთვის 297,000,000 აშშ დოლარის გადახდა, ამ თანხაზე დაწესებული იქნება პროცენტი როგორც არბიტრაჟის გადაწყვეტილებამდე, ისე გადაწყვეტილების შემდგომ, ყოველდღიურად დარიცხვით და თვეში ერთხელ კაპიტალიზებით, შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის უზრუნველყოფილი ღამის დაფინანსების განაკვეთის (SOFR) პლუს 4 პროცენტის ოდენობით.
- -საქართველოს დაეკისროს Enka-სთვის გადახდა 52,411,764.70 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც საგადასახადო კომპენსაციის (Tax Gross-Up) თანხა, იმ შემთხვევაში, თუ Enka გადაიხდის აღნიშნულ თანხას საქართველოს საგადასახადო ორგანოებში; აღნიშნულ თანხაზე დარიცხული იქნება ყოველდღიური პროცენტი და თვეში ერთხელ კაპიტალიზება SOFR პლუს 4 პროცენტის განაკვეთით, Enka-ს მიერ საქართველოს საგადასახადო ორგანოებში გადახდის დღიდან მოყოლებული;
- -ასევე, საქართველოს დაეკისროს Enka-სთვის გადახდა 11,290,927 აშშ დოლარის, 307,644.66 ევროსა და 34,861.58 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ოდენობით, ამ თანხებზე კი დარიცხული იქნება ყოველდღიური და თვეში ერთხელ კაპიტალიზებული პროცენტი SOFR პლუს 4 პროცენტის განაკვეთით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან მოყოლებული.
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულვებელყოფას უკავშირდებოდა. ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
ვრცლად: bm.ge