Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე "საქმიან დილაში" აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლების ფონზე საქართველოში ინფლაციის ზრდა შენელდება. საინვესტიციო ბანკი წელს ინფლაციას 4.8%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.

გასულ კვირაში გამართულ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ აღარ გაზარდა და უცვლელად 8.25%-ზე დატოვა.

"ეს გადაწყვეტილება [ეროვნული ბანკის] მონაცემებზე დაფუძნებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია მაისში შენელდა. მცირედით, მაგრამ მთავარი არის, რომ შენელდა. აპრილში 5.9% იყო და ვფიქრობთ, რომ წლიურ ჭრილში პიკი სწორედ აპრილის ინფლაცია იქნება.

ასევე სიგნალი იყო ისიც, რომ ეკონომიკური აქტივობა ნორმალიზდება. მაგალითად თუ იყო რაღაც განცდა, რომ მოთხოვნის მხრიდან იყო ზეწოლა ფასების დონეზე (იმიტომ რომ პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი ფიქსირდებოდა), უკვე აპრილში ვხედავთ ნორმალიზაციას. აპრილში ეკონომიკური ზრდა 6.2% იყო და ესეც, ფაქტობრივად, იმის მხარდამჭერია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად ყოფილიყო.

ახლა კიდევ დამატებით რა განაპირობებს ამ შენარჩუნებას: ეს არის საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების მიმართულებით წამოსვლა. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ წლის მეორე ნახევარში მოხდებოდა ეს ნორმალიზაცია, თუმცა ნავთობის ფასები უფრო ადრეც და უფრო მნიშვნელოვნად დაკორექტირდა. ბრენტის ფასი 80 დოლარს ჩამოსცდა, რაც პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი ინფლაციისთვის, რადგან მომდევნო თვეებში ვნახავთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებას.

ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 4.5%-ის ფარგლებში იქნება, საშუალო წლიური ინფლაცია კი - 4.8%. მომავალ, 2027 წელს ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იქნება მოსალოდნელია 2.3%-იანი საშუალო წლიური ინფლაცია. აქ უკვე ეროვნულ ბანკს თამამად მიეცემა შესაძლებლობა, რომ როდესაც დაინახავს ინფლაციის ტემპის ქვემოთ წამოსვლას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებისკენ გადავიდეს. ვფიქრობთ, რომ 2027 წლის ბოლომდე განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების შესაძლებლობა იქნება", - აცხადებს ქავთარაძე.

bm.ge