ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი ბოლო 10 წლის მინიმუმზეა - როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით, - ინფორმაციას Galt & Taggart საქართველოს ენერგეტიკის მაისის მიმოხილვაში ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2026 წლის მაისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა 4.8-ჯერ რაოდენობრივად და 7.8-ჯერ ღირებულებით. ექსპორტმა 36.2 გვტ.სთ (vs 172.3 გვტ.სთ მაისი-25) და 1.0 მლნ აშშ დოლარი (vs 7.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ხოლო, თურქეთში ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.7 აშშ ცენტი შეადგინა (-39.4% წ/წ). ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის ასეთი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება.
„2026 წლის მაისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 1.8 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე (vs 6.4 აშშ ცენტი კვტ.სთ-ზე მაი-25). ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს სისტემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაც უწევდათ, მათ შორის გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის.
თურქეთის საბაზრო ფასსა და საქართველოდან ექსპორტის საშუალო ფასს შორის სხვაობა, სავარაუდოდ, ექსპორტის საათობრივ/დღიურ სტრუქტურასა და პირდაპირ კონტრაქტებს უკავშირდება. თურქეთში ელექტროენერგიის ფასების შემცირება, თავის მხრივ, მზის სადგურების მშენებლობას და ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება.
მაისში თურქეთში ექსპორტი მხოლოდ ოთხმა კომპანიამ განახორციელა: შპს „აჭარ-ენერჯი 2007“, შპს „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სვანეთი ჰიდრო“ და შპს „კასლეთი-2“. დაბალი საბაზრო ფასების მიუხედავად, ექსპორტის გაგრძელება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მოქმედ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შეთანხმებებს, ისე კომპანიების ინდივიდუალურ საკონტრაქტო პირობებს.
თურქეთის გარდა, ბალანსის მიხედვით ექსპორტი აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა, თუმცა ეს არ იყო კომერციული ექსპორტი. აღნიშნული მოცულობა აზერბაიჯანთან სინქრონული პარალელური მუშაობისთვის განხორციელებულ ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა და იმავე მოცულობისა და ღირებულების იმპორტით დაბალანსდა. 2026 წლის აპრილიდან შეიცვალა აღრიცხვის მეთოდოლოგია და ეს გაცვლა, რომელიც მანამდე ბალანსში სალდირებულად აისახებოდა, ახლა ცალ-ცალკე ფიქსირდება იმპორტსა და ექსპორტში“, - წერია მიმოხილვაში.