რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავებსა და სატრანსპორტო კვანძებზე უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთის სულ უფრო მეტ რეგიონში იზღუდება ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა.
23 ივნისიდან ვორონეჟის ოლქში დაწესდა „დროებითი შეზღუდვა“ კომპანია „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. ქალაქების ტერიტორიაზე ერთ ჯერზე ერთი ავტომანქანის ავზის შესავსებად გაიცემა 30 ლიტრი ბენზინი და 60 ლიტრი დიზელი. ამას გამოცემა „კომერსანტი“ წერს რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით. შეზღუდვის მიზეზად დაასახელეს „გაზრდილი მოთხოვნა“ და ლოგისტიკის პრობლემები.
23 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ 30 ლიტრი ბენზინი გაიცემა სარატოვის ოლქშიც.
ბენზინის და დიზელის ლიმიტირებულად გაყიდვა დაიწყეს ომსკის ოლქშიც - ერთ ავზზე მხოლოდ 40 ლიტრი ბენზინი და 80 ლიტრი დიზელი. რეგიონის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ შეზღუდვას უწოდა „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ ბენზინგასამართ სადგურებზე „ხელოვნური აჟიოტაჟისა და სპეკულაციების“ თავიდან ასაცილებლად.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორ იგორ კობზევის ინფორმაციით, რეგიონის ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა საწვავის გაყიდვა თავად შეზღუდა, ნაწილმა კი მომსახურება დროებით შეწყვიტა.
ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა რეგიონის მცხოვრებთ მოუწოდა, „დროებითი სირთულეების“ გამო შეამცირონ პირადი ავტოტრანსპორტით მოძრაობა.
რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დროებით აკრძალა ბენზინის გაყიდვა ონლაინ-პლატფორმებზე.
საწვავის გაყიდვა შეზღუდულია რუსეთის 60-მდე რეგიონში. მწვავე კრიზისია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.