ბოლო პერიოდში საქართველოში ინფლაცია მუდმივად მზარდია, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით მოწყვლადი ფენისათვის, რადგან სიძვირე ყველაზე მეტად სურსათის კომპონენტს ეხება, სადაც ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად საკვების მიმართულებას, სურსათი, გასულ წლის ივლისთან შედარებით, 10.3%-ით გაძვირდა. ამრიგად გამოდის, რომ ივლისის 4.3%-იანი ინფლაციიდან 3.2 პროცენტი სურსათზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. თავის მხრივ, სურსათის გაძვირება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება.
„გასულ წელს სურსათი, ძირითადად, დეფლაციური იყო. ამას გარდა, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ამასთანავე, როგორც წინა თვის ანგარიშში აღინიშნა, საერთაშორისო ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი სურსათის ფასების ზრდას დიდწილად პურის ერთჯერადი გაძვირება განაპირობებს. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციიის ასახვაა. იმავდროულად, ივლისის ინფლაციაში ინტერნეტის გადასახდელის დისინფლაციური ეფექტი განახევრდა, ხოლო აგვისტოდან სრულად ამოვარდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ეროვნული ბანკის ცნობით, ის მიმდინარე წელს სტაბილურია. სებ-ის ანგარიშით, ივლისში საბაზო ინფლაციამ 2.2% შეადგინა.
„ივლისში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი სურსათის ფასების სეზონური ცვლილებებია. აღსანიშნავია ბენზინის 3.7%-იანი გაძვირებაა, რამაც თვის ინფლაცია 0.1%-ლი პუნქტით გაზარდა. წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასული წლის ივლისთან შედარებით 10.3%-ით გაძვირდა. ამრიგად, ივლისის 4.3%-იანი ინფლაციიდან 3.2% სურსათზე მოდის, ხოლო აქედან 1.7 პროცენტი - კარტოფილის, პურის, ზეთის და იმერული ყველის გაძვირებაზე.
სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.5%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8%-იანი წვლილი შეიტანა. საწვავისა და ინტერნეტის გაიაფებამ წლიური ინფლაცია, შესაბამისად, 0.4%-ით და 0.2%-ით შეამცირა", - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, შესაბამისად, 5.4% და 7.5% შეადგინა.
„წლიურ დონეზე ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის და ყველის გაძვირებამ გამოიწვია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ივლისში 3.0%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად კარტოფილის და მზესუმზირას ზეთის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში, დიდწილად საწვავის წლიური გაიაფების გავლენით, 1.6%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სურსათის გაძვირება ყველაზე ნეგატიურად მოსახლეობის მოწყვლად ფენაზე აისახება. როგორც ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა აღნიშნა, მოქალაქეებს ამ ნაწილს მიეკუთვნებიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები და ა.შ.
"როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავლების პრობლემაა, რასაკვირველია მზარდი ინფლაცია, გაძვირებული საკვები მათზე ნეგატიურად აისახება. საერთოდ, ეს ასეა, ინფლაციას ყოველთვის აქვს ნეგატიური ასახვა მოქალაქეებზე. პრაქტიკულად მიღებულია, რომ ზომიერი ინფლაცია ეკონომიკას ასტიმულირებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ფასების ზრდის ტემპს უნდა უსწრებდეს შემოსავლების ზრდის ტემპი, რაც სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება.
საქართველოში 600 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ისინი არ არიან თვითკმარნი და ინფლაცია მათთვის არის ძალიან მძიმე. ინფლაცია მძიმედ აზარალებს მოწყვლად ჯგუფებს და განსაკუთრებით სურსათის ნაწილში არსებული სიძვირე. პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილთა უდიდეს ნაწილს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომელთაც მარჩენალი არ ჰყავთ და არ გააჩნიათ შემოსავალი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, ფასების ზრდა უზარმაზარ პრობლემას უქმნის. მოსახლეობის ეს ნაწილი ჯამურად საკმაოდ დიდი გამოდის და მათზე ნეგატიურად აისახება სიძვირე.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ზოგჯერ მიზნობრივთან ახლოსაც კი არის, აღქმის თვალსაზრისით, ის მეტია. ვგულისხმობ იმას, რომ 300 დასახელების პროდუქტიდან მოწყვლად ფენას არ აინერესებს, მაგალითად, როგორ გაიზარდა ოქროს ფასი, მათ აინტერესებს სურსათი, პირველადი მოხმარების საქონელი და მომსახურება, რა მხრივაც საკმაოდ დიდი მატება გვაქვს, ამიტომ მათი საოჯახო ბიუჯეტის უმეტესი პროცენტული მაჩვენელები მიდის ამ მიმართულებებზე. ასე რომ, მათი აღქმის თვალსაზრისით, ინფლაცია გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური მაჩვენებელია”, - განუცხადა რამაზ გერლიანმა "რეზონანსს”.