მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების ზედა ზღვარს კიდევ ერთხელ გადახედოს. თითქმის ერთი წელია, რაც მისოებს ერთ მსესხებელზე 200 ათას ლარამდე სესხების გაცემის უფლება მიენიჭათ. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ცვლილებების მორიგი ეტაპისთვის უკვე მზადაა.
როგორც “ევროკრედიტის” გენერალური დირექტორის მოადგილემ “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტა, სესხის გაცემის ლიმიტი მიბმული უნდა იყოს კოეფიციენტზე და გარკვეული ფინანსური პარამეტრებიდან გამომდინარე განისაზღვროს. ირაკლი წურწუმიას ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მარეგულირებელთან და სექტორის წარმომადგენლებთან, დაწყებულია.
“ზოგადი ხასიათის შეხვედრებზე პერიოდულად ფიქსირდება ეს მოსაზრება. ასე დაიწყო მუშაობა და სწორედ ასე მივედით დღეს არსებულ 200 ათას ლარიან ზღვარზეც. ბუნებრივია, ეროვნულ ბანკს სჭირდება გადახედოს, გარკვეული შემოწმებები აწარმოოს. შეაფასოს საკრედიტო რისკმა რამე ცვლილება განიცადა თუ არა. ეს ჩვენთვის მისაღებია.მას შემდეგ რაც მარეგულირებლის მხრიდან მოხდება ამ სტრუქტურის გაანალიზება, ჩვენი მხრიდან მოთხოვნა არის, რომ სესხის გაცემის ლიმიტი მიბმული იყოს კოეფიციენტზე და არა აბსოლუტურ ზედა ზღვარზე” - აღნიშნა ირაკლი წურწუმიამ.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.