საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა. შესაბამისად, ამჟამად მიკრობანკების დაფუძნება და ლიცენზირება უკვე შესაძლებელია.
„საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნინო დევდარიანის თქმით, მიკროსაფინანსო სექტორიდან მიკრობანკად ტრანსფორმაციას სამი კანდიდატი გეგმავს.
„მიკრობანკებს უფრო დიდი სესხების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს ზღვარი არის 100 000 ლარი, მიკრობანკების შემთხვევაში მილიონი ლარი იქნება. გარდა ამისა, მიკრობანკებს შესაძლებლობა აქვთ სახსრების მოზიდვის ნაწილში დეპოზიტები მიიღონ, მართალია შედარებით დაბალი მოცულობით, რაც დეპოზიტების დაზღვევის ზღვრით განისაზღვრება, ამ ეტაპზე ეს 15 000 ლარია, თუმცა საუბარია, რომ ეს ზღვარიც აიწიოს.
მიკრობანკები ინვესტორებისთვისაც უფრო მაღალსანდო და რეპუტაციული ორგანიზაციები იქნებიან, რადგან მათ უფრო მაღალრეგულირების ჩარჩო აქვთ და დაბალრისკიანები არიან, ამიტომ ველოდებით, რომ შედარებით დაბალი განაკვეთები იქნება, ვიდრე ეს აქვს მიკროსაფინანსო სეგმენტს“, - აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე კი ამბობს, რომ სპეციფიკური ლიცენზიის მქონე ბანკების განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და კონკურენციის გაღრმავებას. მისი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ინოვაციური სერვისების შემოღება, როგორიც მიკრობანკების პროექტია.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, მიკრობანკის სტატუსის მიღებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: MBC, კრისტალი და ლაზიკა კაპიტალია დაინტერესებული.
კანონით, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირისთვის მიკრობანკის ლიცენზია განაცხადის წარგენიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა კი, აკრძალულია. მიკრობანკებს კრედიტების გაცემა მხოლოდ ლარში შეეძლებათ. ასევე ექნებათ უფლება მოიპოვონ დეპოზიტები, თუმცა მიკრობანკს თითოეული ფიზიკური პირისგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან მოზიდული ანაბრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები.
მიკრობანკები იქნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს შორის მდგრადი ფინანსური ინსტიტუტები. მათი ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70% უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა და ანგარიშების გახსნაც შეეძლებათ.