დავით სონღულაშვილი ქ. რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
„საქართველო, როგორც მცირე ზომის, მაგრამ მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანა, მოცულობით ვერ შეეჯიბრება მასიური წარმოების მქონე სახელმწიფოებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხზე, უნიკალურობაზე და მდგრადობაზე. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სტრატეგია მიზნად ისახავს ნიშური და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, რაც გამოკვეთილად განასხვავებს ქართულ აგროსექტორს გლობალურ ბაზარზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა რომში, FAO-ს 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქ. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მონაწილეობს.
დავით სონღულაშვილმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოტენციალზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოზე გაამახვილა.
„საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, როგორც მსოფლიოში აღიარებულ ღვინის სამშობლოს, ღვინის წარმოების 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციით. უძველესმა ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდმა, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება, საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და დაფასდა იუნესკოს მიერ. ეს მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ჩვენი წარსულის ნაწილი - ეს არის ცოცხალი ტრადიცია, რომელიც დღესაც გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, ტურიზმსა და კულტურულ ურთიერთობებზე”,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ სამყაროში, სადაც მრავალი გლობალური გამოწვევაა, საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და მის წევრ ქვეყნებთან აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად ინოვაციების, შესაძლებლობების განვითარებისა და სოფლად ინვესტიციების გზით.
მინისტრმა ყურადღება თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, აგროსასურსათო სისტემები უფრო მედეგობისა და მოქნილობის მისაღწევად.
„ბოლო წლებში საქართველომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები აგროსასურსათო სექტორის მოდერნიზაციისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ აგროსასურსათო ექსპორტის, წარმოების მოცულობისა და დამატებითი ღირებულების თანმიმდევრული ზრდა. 2024 წელს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა რეკორდულ მაქსიმუმს, 1.68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ინკლუზიური ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არც ერთი ფერმერი არ დარჩეს ყურადღების მიღმა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას“, - განაცხადა მინისტრმა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაზე, რომელსაც ფაოს წევრი ყველა ქვეყნის (194) წარმომადგენელი და 50-მდე მინისტრი ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა - აგროსასურსათო სისტემების არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო.
კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს