საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2025 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 272.9 მლნ აშშ დოლარი (748.4 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2025 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60 პროცენტით გაუმჯობესდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.0 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 10.9 პროცენტით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 21.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.9 პროცენტით გაიზარდა.
ზრდას განაგრძობს მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8 პროცენტით გაიზარდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (3.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მეორე კვარტალში 222.6 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 2.4 პროცენტი შეადგინა. ასევე მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მეორე კვარტალში 440.9 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.8 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -578.6 მლნ აშშ დოლარი (-1.6 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 4.9 პროცენტით შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.3 პროცენტით გაიზარდა და 2025 წლის მეორე კვარტალში 902.2 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 4.0 პროცენტით გაიზარდა 857.1 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 506.3 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 5.5 პროცენტია.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს