„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ბანკში საკუთარი წილი შეამცირეს.
როგორც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაშია ასახული, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მამუკა ხაზარაძის წილი 9.92%-ს შეადგენს, ხოლო ბადრი ჯაფარიძის 6.01%-ს, მაშინ როდესაც 2022 წლის მეოთხე კვარტალში მათ შესაბამისად 9.98% და 6.04% ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ბანკის საწესდებო კაპიტალს TBC Bank Group PLC (99.98%) ფლობს.
TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2022 წლის სრული წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ბანკის მიერ გაცემული 2022 წლის მთლიანი დივიდენდი ერთ აქციაზე 5.45 ლარი იქნება, აქედან 2.5 ლარი შუალედური დივიდენდის სახით, 2022 წლის 14 ოქტომბერს ბანკმა აქციონერებზე უკვე გასცა. საბოლოო დივიდენდის მოცულობა კი ერთ აქციაზე 2.95 ლარი იქნება და მისი გადახდა 2023 წლის 14 ივნისს არის დაგეგმილი.