25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა:ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა; ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება კი- 3.1863 ლარი.
ოთარ ნადარაია, „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი, ლარის კურსის მერყეობას ძირითადად წინასაარჩევნო მოლოდინებს უკავშირებს, თუმცა მისი თქმით, ლარის მცირედი ცვლილება მაკროეკონომიკურ სურათზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.
„2 და 3 თეთრი, გასაგებია, საყურადღებო და მნიშვნელოვანია, თუმცა, მაკროეკონომიკურად რომ ვთქვათ, მაინც არ არის განსაკუთრებული მოძრაობა.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წინა საარჩევნო მოლოდინები. შარშანაც, არჩევნების პერიოდში და შემდეგ გაუფასურების მოლოდინების გამო ძალიან დიდი თანხები გადახურდავდა. ბევრმა ლარის დეპოზიტები დოლარის დეპოზიტებში გადაახურდავა, ვალუტის სესხები გაალარა, რაც ბუნებრივი ქცევაა, როცა გაუფასურების მოლოდინებია. შემდეგ უკვე, წლის განმავლობაში, ვნახეთ, რომ ეს პროცესი მთლიანად არა, მაგრამ დიდწილად შემოტრიალდა",- ამბობს „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი.
მისი შეფასებით, მიმდინარე წელს მსგავსი ტენდენცია მცირე მასშტაბით, თუმცა მაინც შეიმჩნევა.
„ამ არჩევნებთან მიმართებით იგივე ტენდენცია მცირედით შესაძლოა, ჩანს, თუმცა, არა იმავე მასშტაბით, რასაც ყოველდღიურ ინდიკატორებს ვუყურებთ. ობიექტურად, იმ მასშტაბის გაუფასურების მოლოდინები, რაც შარშან იყო, წელს ნამდვილად ასე არ არის.“
ნადარაია ასევე მიუთითებს გარე ფაქტორებზე, მათ შორის დოლარის გაუფასურებაზე საერთაშორისო ბირჟებზე.
„ევრო-დოლარის წყვილიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს - ბოლო პერიოდში დოლართან ლარის გამყარება ვიხილეთ, მაგრამ ევროსთან დასუსტდა იმიტომ, რომ ევრო გამყარდა დოლართან, მარტივი არითმეტიკაა",- აღნიშნა ოთარ ნადარიამ "კომერსანტთან" ინტერვიუში.