"ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე არჩევნებს ვინ მოიგებს," - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ განუცხადა. 

ეკონომისტი ორ სცენარს განიხილავს:

"თუ ოპოზიციამ მოიგო, აქაც გაუგებარია ისინი რას გააკეთებენ. ამ საკითხებში ბევრი ჭკუადამჯდარი ოპოზიციასაც არ ჰყავს. იმის მოლოდინები, რომ ამ მიმართულების რაღაცები სერიოზულად გამოსწორდება, მე არა მაქვს. მთავარია, ის პროცესი რაც დაწყებულია ასე არ გაგრძელდეს. თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ლართან მიმართებაში გააგრძელებენ იმის კეთებას რასაც აკეთებენ, რადგან ეს მათთვის ხელსაყრელია. მაღალი ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ, ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ და და ფულს იყენებენ საქმის წამოსაწყებად. ამიტომ, ხელისუფლება ლარის კურსთან მიმართებაში არც არაფერს არ გააკეთებს, კურსს შეინარჩუნებენ," - ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ არჩევნებამდე ლარის კურსის სერიოზულ ვარდნას არ ელოდება. 

"ლარი იმიტომ არ უფასურდება, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა აირჩია განსხვავებული მიდგომა. შედარებით მყარი კურსის მომხრეები არიან, რეზერვებსაც ხარჯავენ იმისთვის რომ ლარის კურსი შეინარჩუნონ. ლარის კურსის მანიპულაცია დიქტატურებს იშვიათად აწყობთ. საუბარია განათლებულ დიქტატურებზე. ადრე აფრიკის რიგ ქვეყნებში ამას აკეთებენ, მაგრამ ახლა იქაც არ აკეთებენ. ზიმბაბვეში ოქროს სტანდარტი შემოიღეს, ანუ, იქაც კი ჭკუა ისწავლეს. განათლებული დიქტატურები ეკონომიკური ჯგუფებს კარს უხსნიან და ცდილობენ ეკონომიკის ხელში დაჭერას. ჩინური და ჩრდილოეთ კორეული მოდელი ეგაა," - ამბობს ეკონომისტი. 

კითხვაზე, ლარის კურსზე როგორ იმოქმედებს ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ვარდნა, შეშელიძე გეოპოლიტიკურ ვითარებას იშველიებს და ამბობს, რომ ამ მომენტისთვის არანაირად არ მოქმედებს. მიზეზი კი, მისი აზრით, ისაა, რომ სანამ უკრაინაში ომია საქართველო ბევრს სჭირდება.

"მიუხედავად ჩვენი მთავრობის არასწორი ნაბიჯებისა, საქართველოს ტერიტორია ბევრს სჭირდება და ეკონომიკური აქტივობა არის. გარდა ამისა, ამ წუთის მდგომარეობით, არჩევნებია კარს მომდგარი და ხელისუფლება ვერ ბედავს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც არჩევნებზე მას ავნებს, მაგრამ, თუ მიეცა საშუალება, აუცილებლად გააკეთებს შემდგომში. გარდა ამისა, ლარი იმიტომ არ უფასურდება, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა აირჩია განსხვავებული მიდგომა. შედარებით მყარი კურსის მომხრეები არიან, რეზერვებსაც ხარჯავენ იმისთვის რომ ლარის კურსი შეინარჩუნონ. ამიტომ არჩევნებამდე ლარის კურსის სერიოზულ ვარდნას არ ველოდები," - ამბობს პაატა შეშელიძე.

წყარო: ინტერპრესნიუსი