„კრიპტოვალუტების ეკოსისტემის განვითარებისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტია, როგორც საქვეყნო ისე ინდივიდუალური ბიზნეს-ინვესტირების თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით, 5-6 წელიწადში ყველაფერი უკვე გვიან იქნება და დავრჩებით ჩამორჩენილ ეკოსისტემად იმიტომ, რომ მეორადი და საშუალო ხასიათის გადაწყვეტილებები სარეგულაციო დონეზე ვერ მივიღეთ“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კრიპტო იურისტმა, კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონულმა მმართველმა პარტნიორმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაღაც რომ გახდეს პოპულარული და რაღაც ახალი რომ დაინერგოს, მთავრობის მოქმედებაა საჭირო, ამაში იგულისხმება შესაბამისი სტრატეგიის და ხედვის მიღება და შემდეგ ბიზნესი ამას თავად მოერგება.
„კომერსანტი“ ლევან ბოძაშვილს საქართველოში კრიპტობაზრის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
საქართველო საინტერესო ქვეყნად ითვლება კრიპტოვალუტებისთვის, მსოფლიოში კრიპტოვალუტების ლოიალობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მეოთხე ადგილზეა. რა განაპირობებს ყოველივე ამას?
ლევან ბოძაშვილი, კრიპტო იურისტი, კრიპტობანკ Yield App -ის რეგიონული მმართველი პარტნიორი: ეროვნულმა ბანკმა, ზაფხულის შემდეგ, ციფრული აქტივების მომსახურების ლიცენზიები აამოქმედა. ბოლო 2-3 წელია ეკოსისტემა იზრდება, ახალგაზრდები ინტერესდებიან, ბევრი სტარტაპი წამოვიდა, რომელიც ამ სფეროში დამკვიდრებას და ბიზნეს-მოდელების შექმნას ცდილობს. ერთობლიობაში, კრიპტოვალუტების ეკოსისტემა ნელა, მაგრამ ვითარდება და ამავე დროს გლობალური დიდი კომპანიებიც დაინტერესებული არიან - საქართველოში შემოვიდა Binance, Tether-ი, USTEC-ი გიგანტი სტაბილკოინების. შესაბამისად, ყველა ის პროექტი, რომელსაც ისინი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებენ, მთლიან ეკოსისტემაში, ბრუნვაში მატებას ქმნის.
სიმართლე გითხრათ, მე ეჭვი მეპარება, რამდენად სწორია ეს რეიტინგი, რომ საქართველო კრიპტოვალუტებისადმი ლოიალობის თვალსაზრისით მეოთხე ადგილზეა. არის რეიტინგები, სადაც საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ ეს პირობითია. არ მგონია, რომ ასე იყოს. ახლა დუბაიში ვარ და აქ ისეთი სასწაული ხდება, ვერც კი წარმომიდგენია, რომ მასთან ახლოსაც მივიდეს საქართველოს ეკოსისტემა. აქ მილიარდები იხარჯება ამ სფეროში და არ არის დარჩენილი გლობალური კომპანია, რომელიც აქ არ შემოსულა. მაინც რეიტინგებზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ტენდენცია მზარდია და ადამიანთა რაოდენობა, რომელიც კრიპტოს ნაკლები სკეპტიციზმით უყურებს, ესეც იზრდება.
რა არის საჭირო ქვეყანაში კრიპტოვალუტების ბაზრის განვითარებისთვის?
სხვათა შორის, ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა არის ისეთი სფერო, რომელსაც კარგად აღქმა და მიღება სჭირდება ფართო მასებისგან. ინდექსების მიხედვით, სინგაპური პირველ ადგილზეა ტექნოლოგიების დანერგვით არა ამიტომ, რომ სინგაპურს უკეთესი ტექნოლოგიები აქვს, ვიდრე იაპონიას, ან ამერიკას, არამედ იმიტომ, რომ მთავრობის მიდგომა ამ მიმართულებით აბსოლუტურად მოტივირებულია სტრატეგებისა და კანონმდებლობის დონეზე. ჩვენთან ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ კონკურენტულ უპირატესობაში ამ ქვეყნებს გავუთანაბრდეთ, გასწრებაზე აღარაა ლაპარაკი. მინიმუმ 25 ნაბიჯია გადასადგმელი საკანონმდებლო და სხვა საშუალებებით, ძირითად ნაბიჯებზე მაქვს საუბარი.
ჩვენი სტარტაპების ბიზნესი ნელა რატომ ვითარდება? იმიტომ, რომ ადგილზე, ქვეყანაში, არ არის თავისუფალი კაპიტალი, რომელსაც ამ სფეროში ინვესტირების ინტერესი ექნება. ამიტომ, სტარტაპების უმრავლესობა თანხებს საზღვარგარეთ ეძებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მეტ ფულს აბანდებენ. მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიური და იურიდიული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საშუალებას მისცემს საშუალო კომპანიებს, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ჩვენ აქცენტი არა მხოლოდ დიდ კომპანიებზე, არამედ საშუალო და პატარა კომპანიებზეც უნდა გავაკეთოთ.
სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ამ მხრივ თავიდან ბოლომდე სრულადაა მოწესრიგებული ყველაფერი. ესენია - ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, შვეიცარია, დუბაი, სინგაპური, მალტა. თუ დააკვირდებით, არსებითად, ესენი პატარა ქვეყნებია, მაგრამ ისეთი ძლიერი ეკოსისტემები შექმნეს, რომ ყველა დაინტერესებულია იქ ბიზნესი აკეთოს და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ქვეყანაში დიდი ფულია. ინტერესია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია ის მიდგომები, რომლებიც ასახული უნდა იყოს სარეგულაციო სფეროში და ამას მთავრობის და პარლამენტის გარდა ვერავინ გააკეთებ.
ბაზარზე გამოწვევებზე საუბრისას დაასახელეთ მთავრობის მხრიდან საჭირო რეგულაციების შემუშავება და ადგილობრივი კაპიტალის არ არსებობა, კიდევ რა გამოწვევებს ხედავთ?
მთავარი გამოწვევა ხედვის არარსებობაა. ამის მიზეზი ალბათ არის ის, რომ სამთავრობო დონზე ჩვენ ჯერ მაინც არ ვართ ინფორმირებული იმ უახლესი ტენდენციების შესახებ, რაც მსოფლიოში ხდება. მაგალითად - ჩვენ რომ შევქმნათ საპატენტო საშუალებები ბლოკჩეინზე, ისეთ კონკურენტულ უპირატესობაში შევალთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ვერც წარმოიდგენთ. ძალიან ბევრი ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა მარტივად შეიძლება, ამის შიდა სარეგულაციო ინსტრუქციები რომ იყოს მიღებული. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისთვის. ეს არის ერთი გამოწვევა.
მეორე გამოწვევა თვითონ ეკოსისტემის ნელი განვითარების კაპიტალის არარსებობაა. ის დიდი კომპანიები, ბანკები, ვისაც კაპიტალი აქვთ, ჰყავთ ტექნოლოგიური ჯგუფები, როლებიც ამას თავად აკეთებენ, ამიტომ ნაკლებად აინტერესებთ ახალ-ახალ სტარტაპებში ფულის დაბანდება. შესაბამისად, ეს ფული არის მხოლოდ საბანკო სექტორში აკუმულირებული კაპიტალის სახით და ახალი სტარტაპები რთულად და ნელა ვითარდება სწორედ იმის გამო, რომ თავისუფალი კაპიტალი ბაზაზე არ არსებობს.
მესამე გამოწვევა არის ის, რომ ბიზნესს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, ან არ უნდა გაიგოს ამ ტექნოლოგიის მომგებიანობა მაშინ, როცა მსოფლიოში ოქროს ციებ-ცხელება ხდება ამ მიმართებით. უდიდესი ბანკებიდან დაწყებული - დამთავრებული პატარ-პატარა სტარტაპებით ყველა მობილიზებულია და მონდომებულია, რომ ეს ნიშა აითვისოს.
ახლა გადამწყვეტი მომენტია, როგორც საქვეყნო ისე ინდივიდუალური ბიზნეს-ინვესტირების თვალსაზრისით. 5-6 წელიწადში ყველაფერი უკვე გვიან იქნება ამ თვალსაზრისით და დავრჩებით ჩამორჩენილ ეკოსისტემად იმიტომ, რომ მეორადი და საშუალო ხასიათის გადაწყვეტილებები სარეგულაციო დონეზე ვერ მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის მესამე - ჩვენ მაინც ვრჩებით ე.წ. ცენტრალიზებული ეკონომიკის აღქმის ქვეყნად. ასეთ ვითარებაში, რაღაც რომ გახდეს პოპულარული, დაინერგოს, მთავრობის მოქმედებაა საჭირო. ამაში იგულისხმება შესაბამისი სტრატეგიის და ხედვის მიღება, შემდეგ ბიზნესი ამას თავისთვის მოერგება. მთავრობის საჭიროება არ არის კონკრეტული ფინანსური ნაბიჯები გადადგას, მან მთავარია შექმნას შესაბამისი სარეგულაციო გარემო, სარეგულაციო ეკოსისტემა და ბიზნესი მას თავად განავითარებს. ამის მაგალითები მსოფლიოში უამრავია.