„მონოლით ჯგუფის“ დირექტორის თორნიკე მაისურაძის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში უძრავ ქონებაზე ფასები 5%-ის ფარგლებში გაიზრდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიზეზი სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათის გაუქმებაა. ამასთან, მაისურაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია დასაქმებულებისთვის ხელფასების მატებაც.

„წლიურად მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდის მთავარი ფაქტორია ის, რაც სერვისი და პროდუქტი განვითარდა, ასევე რეგულაციები, რომელიც წამოგვეწია. 2025-ში ასეთია კიდევ ერთი ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება მცირე მეწარმეებს და მათზე არსებული შეღავათების გაუქმებას. ეს ცალსახად გამოიწვევს პროდუქტის გაძვირებას და პროგნოზები არ არის რთული. იანვრიდანვე დაიწყება ეს პროცესი, რადგან მყისიერი ფაქტორია. ხელფასებს რაც შეეხება, აქაც დაგეგმილია გეგმური ზრდა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არსებული დეფიციტი აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, შევაჩეროთ მაღალკვალიფიციური კადრების გადინება.

ხარჯები გაიზარდა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. რაც შეეხება იმას, არის თუ არა დიდი ზღვარი თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის, ამაზეც არაერთი კვლევა არსებობს და არ არის ეს ზღვარი ისეთი დიდი, განსაკუთრებით საშუალო სეგმენტში, რომ ამის კომპენსირება მოგების ხარჯზე მოხერხდეს. ამიტომ მოგვიწევს ბუნებრივი ზრდა, მე ვფიქრობ, ფასის ზრდა პირველ კვარტალში დაახლოებით 5%-იანი იქნება თუ ახალი გარემოებები არ დაგვეწია", - განაცხადა მაისურაძემ და დასძინა, რომ გასული წლის ბოლოს მოთხოვნის კლება იყო, "თუმცა უკვე შეინიშნება კარგი იმპულსები“.

ინფორმაციისთვის, ახალი რეგულაცია მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს უკავშირდება. მთავრობამ სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შეღავათი გააუქმა და ამ გზით ₾200 მლნ-ის ამოღებას გეგმავს. საუბარია შეღავათზე, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელს ხდის დაიბეგრონ მხოლოდ 1%-ით.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს, შედეგად კი 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებოდნენ.

bm.ge