გურიის სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო.
მთავრობის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს — 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს — 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 546 018 ლარი გამოეყოფა.
შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაში, აჭარასა და იმერეთში. გურიის რაიონში დიდთოვლობას მოჰყვა მსხვერპლი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩამოინგრა და მამაკაცს ბეტონის ფილა დაეცა. ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს.
წყარო: netgazeti.ge