“2025 წელიც დიდი გამოწვევების წელი აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანიებისთვის,”- დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი სექტორის ზრდის ტემპით კმაყოფილი არ არის და ამბობს, რომ მოზიდული პრემიის 10-11%-იანი ზრდა მცირე პენეტრაციისთვის დიდი შედეგი არ არის.
ლაშა ნიკოლაძის თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევა, საიდანაც ინდუსტრია ყველაზე მეტ პრემიას აგენერირებს, დაბალმომგებიანია. ნიკოლაძის შეფასებით, ზარალიანობის 21%-იანი ზრდის ფონზე მხოლოდ 2 მილიონი ლარის წმინდა მოგება, აბსოლუტურ ციფრებში მოგების კლებაა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სადაზღვევო სექტორის პორტფელი 2025 წელს 12%-ით, 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ინდუსტრიის წმინდა მოგებამ 129 მილიონი შეადგინა, რაც 2 მილიონით აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს. გასულ წელს 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული სადაზღვევო 1,2 მილიარდიდან 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. დაზღვევის სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტ პრემიას ინდუსტრია ტრადიციულად ჯანმრთელობის დაზღვევიდან აგენერირებს, რამაც წინა წელს 600 მილიონი ლარი შეადგინა.
“ციფრები იზრდება, ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც იზრდება, ცუდად თუ კარგად სადაზღვევო ინდუსტრიაზეც აისახება, მაგრამ როგორ აისახება? ამაზე ჯობია გავაკეთოთ გარკვეული აქცენტები.
მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 152 მილიონით გაიზარდა სადაზღვევო პრემიის მოზიდვა ინდუსტრიაში 2024 წელთან შედარებით, ხოლო სადაზღვევო მოგება მხოლოდ 2 მილიონი ლარით გაიზარდა. იცით, რომ 2023 და 2024 წლებში ძალიან მცირე მოგებებს აგენერირებდა სადაზღვევო ინდუსტრია, ამას გარკვეული ობიექტური მიზეზები ჰქონდა, იგივე კოვიდი, პოსტ-კოვიდი და ა.შ, თუმცა 2025 წელიც ძალიან დიდი გამოწვევების წელი აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანიებისთვის. დამერწმუნებით, რომ 10-11%-იანი ზრდა ჩვენი ძალიან მცირე პენეტრაციისთვის დიდი ციფრი არ არის. მით უმეტეს, წინა წლებში თითქმის 20%-იანი ზრდაც ფიქსირდებოდა ხოლმე, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს.
იცით, რომ გასულ წელს 11%-ით გაიზარდა სადაზღვევო ინდუსტრია, მაგრამ წინა წლების ნეტო ზარალებთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა 2025 წელს ზარალიანობა. ზუსტად ეს არის გამოხატულება, რომ მოგება კი 2 მილიონით გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურ ციფრებში და პროპორციაში ეს მოგების კლებაა წინა წელთან შედარებით.
სწორედ იმიტომ, რომ ზარალიანობა გაზრდილია, სადაზღვევო ინდუსტრია ამას უპასუხებს. მე ვფიქრობ,15%, შეიძლება 20%-ითაც კი გარკვეული მიმართულებით [პოლისების ღირებულება] გაიზარდოს”, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.