საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რეგიონის ქსელებთან მიერთების დივერსიფიცირებული მარშრუტების პოვნა, ის მიმართულებაა, რაშიც ნამდვილად ღირს ინვესტიციების განხორციელება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაზეთ „Financial Times”-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.
დისკუსია ტრანსკონტინენტალური ქსელის განვითარების პერსპექტივას, რეგიონში ენერგოეფექტურობის საკითხებს, თანამშრომლობისა და ინვესტირების გზების ძიებას მიეძღვნა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დივერსიფიცირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოს ჰიდრო რესურსების ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობა აქვს, ასევე, არსებობს მისი გაზრდის საშუალება ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავების ათვისებით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზეც და ამ კონტექსტში ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და რუმინეთს, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის ენერგო გადამცემი ქსელების დაკავშირებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნებში არსებული ენერგორესურსების გაძლიერება და ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის.
მისი თქმით, დღეს, როდესაც სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს შუა დერეფნის სახმელეთო და სარკინიგზო შესაძლებლობები, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული კავშირების - შეიძლება ითქვას, „ენერგეტიკული შუა დერეფნის“ როლის გაძლიერება.
ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე საუბრისას, ეკატერინე გუნცაძემ ხაზი გაუსვა მსხვილ პროექტებში ინვესტიციისთვის დაფინანსების გონივრულად და ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას, ასევე, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომების გადახედვის აუცილებლობას.
ტრანსკონტინენტალური ქსელის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის როლს კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ევროპასთან დაკავშირების პროცესში და აღნიშნა, რომ ინიციატივას აქვს გრძელვადიანი გავლენის მოხდენის პოტენციალი, როგორც მონაწილე ქვეყნებზე, ისე მთლიანად რეგიონზე.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს