საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში არასაბანკო საფინანსო სექტორი 31 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით არის წარმოდგენილი. 2024 წელს არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები საფინანსო სექტორის 3 პროცენტს შეადგენდა (თანხით 2.9 მილიარდი ლარი) გასულ წელს არასაბანკო საფინანსო სექტორის წლიური ზრდის ტემპმა 8% იყო.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა ვითარებაა არასაბანკო სექტორში და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განვითარდნენ. საკითხზე ეკონომისტ დავით კიკვიძეს ვესაუბრეთ. ეკონომისტის შეფასებით, საფინანსო სექტორს დღეს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი აკონტროლებს. სექტორის მცირე ნაწილი, დაახლოებით 10% არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება, რაც დავით კიკვიძის შეფასებით კატასტროფულია. მისივე განცხადებით, არსებული ვითარება მიკრო და მცირე ბიზნესებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას უზღუდავს, რადგან საბანკო სისტემა მკაცრ რეგულაციებსა და ბიუროკრატიას ემყარება. დავით კიკვიძე აცხადებს, რომ მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა ფინანსურ რესურსებზე გამარტივებული წვდომა, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოქნილობით უზრუნველყოფენ.
,,ჩვენი საფინანსო სექტორი ფაქტობრივად 90%-ით ოკუპირებულია ორი მსხვილი კომერციული ბანკის მიერ. დარჩენილი 10% დანარჩენ ბანკებზე და სხვა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საფინანსო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ 2 ბანკით შემოიფარგლება, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის და ეკონომიკის დაფინანსებისთვის სერიოზული პრობლემაა. რეალურ ეკონომიკასაც რომ შევხედოთ, ფულთან ხელმისაწვდომობა საკმაოდ დაბალია განსაკუთრებით მცირე ბიზნესში. სექტორი, რომელიც ყოველდღიურ საბრუნავ კაპიტალს საჭიროებს არის ზუსტად მიკრო და მცირე ბიზნესი. შესაბამისად, მათთვის ძალიან რთულია შესაბამისი დაფინანსების მოძიება, როცა ქვეყანაში მხოლოდ 2 კომერციული ბანკი მუშაობს. ამის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კომერციული ბანკები მკაცრად რეგულირებადი სუბიექტები არიან. შესაბამისად, მოქნილობა მცირე ბიზნესის დაფინანსების ნაწილში აქვთ ძალიან დაბალ ხარისხზე. ბანკები უფრო კორპორაციულ და საშუალო ბიზნესზე არიან ორიენტირებულები. ზოგადად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ზუსტად მიკროსაფინანსო სექტორს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ეკონომიკის დაფინანსებაში, რადგან სწორედ ისინი გამოირჩევიან მოქნილობით, რასაც კომერციული ბანკები ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენთან კი სამწუხაროდ ეს სექტორი ძალიან განუვითარებელია.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა მიკროსაფინანსო სექტორის განვითარება შეზღუდა და შეამცირა ორგანიზაციების რაოდენობა. მისი შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური მოთხოვნებისა და საზედამხედველო კაპიტალის გაზრდამ ბაზრიდან მოთამაშეების გასვლა განაპირობა. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიკრო კრედიტის მაქსიმალური ოდენობის გაზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა სექტორის განვითარებისთვის ეს არასაკმარისია.
,,ბოლო წლების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მიკროსაფინანსო სექტორის შევიწროებისკენ გადადგა ნაბიჯები. როცა მათ მინიმალური მოთხოვნები გაუზარდა, საზედამხედველო კაპიტალი გაუზარდა, რამაც ბაზრიდან საკმაოდ ბევრი მოთამაშის გასვლა გამოიწვია. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში დაახლოებით 80-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არსებობდა. დღეს ეს მაჩვენებელი 31-ია. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული სტიმულირების პოლიტიკა დაიწყო მიკროსაფინანსო სექტორის გარდაქმნა მიკრობანკების მიმართულებით. რაც რეალურად, მნიშვნელოვან შედეგს ვერ იძლევა. რადგან ისევ ბანკიზაციისკენ მიდის საფინანსო სექტორი, რაც ისევ და ისევ იწვევს მოქნილობის (მცირე და საშუალო ბიზნესები, რომ უფრო მოქნილად დააფინანსოს და ნაკლები ბიუროკრატია გამოიჩინონ, უფრო ნაკლები რეგულირების ქვეშ არიან) დაკარგვას. ამიტომ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეროვნული ბანკის ეს მიდგომა მიკროსაფინანსო სექტორის მიმართ, რადგან მოქნილობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სექტორს ვუკარგავთ და ვრჩებით ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გარეშე. ბოლო პერიოდში ერთადერთი რაც კარგი მახსენდება, რაც ეროვნულმა ბანკმა დაუშვა იყო საკრედიტო ლიმიტის გაზრდა. რაც ძალიან კარგია და მივესალმები, თუმცა მაინც გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციები დავაინტერესოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის. საუბარია იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღოს გეზი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. დღეს საბანკო სექტორს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღარ სჭირდება. ისინი ძალიან მდგრადი, ჩამოყალიბებული და ლიკვიდობით უზრუნველყოფილი ინსტიტუტებია. თუმცა ის მოქნილობა მაინც არ აქვთ, რაც სჭირდება რეალურ ეკონომიკას. ამის ალტერნატივა არის მიკროსაფინანსო სექტორი და არა მხოლოდ. კიდევ სხვა საფინანსო ინსტიტუტები და ფინტექ კომპანიები არის რეალურად ის რესურსი, რომლითაც შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაუმჯობესება. ალტერნატიული საფინანსო პროდუქტებისა და ალტერნატიული საფინანსო ინსტიტუტების შექმნა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების შექმნაა საჭირო.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონი ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ’’ მოძველებულია. მისივე შეფასებით, მოქმედი რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბაზარზე შემოსასვლელად არანაირ სტიმულს არ აძლევს. დავით კიკვიძე ამბობს, რომ სექტორის გასავითარებლად საჭიროა გადაიხედოს არსებული რეგულაციები.