საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება, - ამის შესახებ სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ხდება ცნობილი. აქამდე სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იყო.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს“, - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
მესტვირიშვილმა ისიც დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რის შესახებაც ცნობილი ხვალ გახდება. აქამდე ფონდი 4%-იან ზრდას ვარაუდობდა.
„ჩვენ გვაქვს სავალუტო ფონდის პროგრამა, ამჟამად მიმდინარეობს სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი, ხვალ გვექნება პრეზენტაცია და პრესკონფერენცია და წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ მათაც გადახედეს ზრდის პროგნოზს,“- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ხვალ IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ბრიფინგს გამართავს.