„დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ის თავიდან შეუერთდა სანქციებს და შეუზღუდა წვდომა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება. აქ უკვე ყველაფერი ნათელია," - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ეკონომისტი და ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, აღუდგინოს საბანკო აქტივებზე წვდომა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს.

„ძალიან მაღალ რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში, საბანკო სისტემისთვის, რაც მას მომავალში გაურთულებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ქართული ბანკები დაკავშირებული არიან ევროპულ, ამერიკულ ბანკებთან და რეპუტაციული დარტყმა მათ გაურთულებს ურთიერთობებს.

მეორე მხრივ, შეიძლება იყოს გარკვეული სანქციები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ფინანსურ სექტორს. თუ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი კონვენციებზე, მათი შესრულება აუცილებელია და საქართველოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვინმეს დამნაშავედ ცნობის ან არ ცნობის შესახებ არ არის პირველხარისხოვანი საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, მათ შესრულებას აუცილებლად მოგვთხოვენ. საერთაშორისო ხელშეკრულებები შიდა კანონმდებლობაზე აღმატებულია," - აღნიშნავს თუთბერიძე.

ეკონომისტის თქმით, ქართულ ბანკებს აქვთ უფლება, მიუხედავად სებ-ის გადაწყვეტილებისა, არ აღუდგინონ ოთარ ფარცხალაძეს წვდომა საბანკო ანგარიშებზე და სავარაუდოდ, ასეც მოიქცევიან, რადგან დარტყმის ქვეშ ვერ დააყენებენ საკუთარ ბიზნეს ინტერესებს, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. საბანკო და ფინანსური სექტორი იმდენად გლობალიზებულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მარტივად მისაღები არ იქნება. თუ ბანკებს პრობლემები შეექმნება, ის გავრცელდება საქართველოს მოსახლეობაზეც, რამაც ფინანსური სისტემის კოლაფსი შეიძლება გამოიწვიოს."