დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ აღდგენის, ნაპირსამაგრი და საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია.
უსაფრთხოების მიზნით, კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მოეწყო ხიმინჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი.
შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„რამდენიმე თვის წინ აქ გზა ჩამოიშალა. როდესაც ვნახეთ, აღნიშნულ მონაკვეთს პრობლემა ჰქონდა, პრევენციის მიზნით ჩავკეტეთ მოძრაობა და დავიწყეთ სამუშაოები. უკვე შეზღუდვების გარეშეა საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ხიმინჯოვანი კედელი. წყლის დონიდან გამომდინარე, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში სამუშაოები სრულად დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი აპრილში დაზიანდა. შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება: გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გატარდა უსაფრთხოების პირველადი ზომები. პარალელურად, გადაუდებელი წესით დაიწყო საპრევენციო, აღდგენითი სამუშაოები.
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. დამატებით ზემოქმედებას ახდენდა მტკვრის ჰიდროდინამიკური გავლენა ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა.
ამ დროისთვის, დარჩენილია: მდინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; რკინაბეტონის ფარდის მოწყობა; ბეტონის ბლოკების ამოღება მდინარის კალაპოტიდან; ხიდის მოაჯირების მოწყობა, რაც ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია.
აღნიშნული სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ - სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება აღდგენილია და ავტოტრანსპორტისთვის სრულად უსაფრთხოა.
პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს