საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის მიმართ ისეთი ფინანსური გადარიცხვის შეზღუდვას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და არა - ყოველწლიური მოგებიდან გარკვეული ნაწილის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვას, რომლის წესი „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის“ 25-ე მუხლით [ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება]  არის გაწერილი.

ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ რეკომენდაციას დაკავშირებული კითხვით BMG-მ მიმართა. ბანკში განმარტეს, რომ მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განუხორციელებიათ. 

 

სებ-ში განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, IMF-ის რეკომენდაციის შესასრულებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. თავად ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება არ აქვს და ეს პარლამენტს და მთავრობას შეუძლია.

ეროვნული ბანკის განმარტებითვე, IMF-ის რეკომენდაცია ეხება სებ-ის შესახებ კანონის 22- მუხლის მე-3 პუნქტს, სადაც წერია, რომ „საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ“.

წყარო: bm.ge