ქვეყანაში ეკონომიკის გარკვეული ნაწილი არაფორმალური სახით არსებობს და არ იბეგრება. ე.წ ფარულ ეკონომიკა მოიცავს იმ პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ, თუმცა ამას არ აკეთებენ. შესაბამისად, არც შემოსავლებს ადეკლარირებენ. ასეთი პირები არიან მაგალითად, უძრავი ქონების გამქირავებლები, ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და ა.შ. უნდა ვრცელდებოდეს თუ არა მათზე საკანონმდებლო ნორმები და უნდა იბეგრებოდნენ თუ არა არაფორმალურ ეკონომიკაში ჩართული ადამიანები? კითხვით ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილს მივმართეთ. ექსპერტი აცხადებს, რომ ამ პირების დაბეგვრის აუცილებლობას ვერ ხედავს.
,,მე არ მივიჩნევ, რომ აუცილებელია ამ ადამიანების დაბეგვრა. საუბარი გვაქვს ძიძებზე, რეპეტიტორებზე, უძრავი ქონების გამქირავებლებზე ხომ? ეს ხალხი შეიძლება მოვაქციოთ საკანონმდებლო ჩარჩოში, მაგრამ მათი დაბეგვრა 0% უნდა იყოს. არ შეიძლება ადამიანს 1000 და 2000 ლარიანი შემოსავალი დაუბეგრო.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
ეკონომისტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეკონომიკური საქმიანობის გამტარი პირები ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილად არ მოიაზრებიან. მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა არალეგალური ფულის ბრუნვას მოიცავს და მასში ის მსხვილი ბიზნესმენები შედიან, რომლებიც არალეგალური გზებით გადასახადებისთვის თავის არიდებას ახერხებენ.
,,აბსურდია მიკრო მეწარმეებზე და მინიმალური შემოსავლის მქონე ადამიანებზე ჩრდილოვანი ეკონომიკის მცნების გავრცობა. მათზე პატიოსანი ღია ეკონომიკა ქვეყანაში არ გვყავს. ჩრდილოვან ეკონომიკაში შედიან მსხვილი ბიზნესმენები დღგ-ს გადახდას, რომ არიდებენ თავს. საბუთებს რომ აფორმებენ. ძიძებზე და ბინების გამქირავებლებზე გამოკიდება ძალიან არასწორი მგონია, რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკა მოიცავს ძალიან დიდ და ბევრ არა კანონიერ ფულის ბრუნვას. ძიძები, რეპეტიტორები და ბინების გამქირავებლები უკანონო ფულს არ ატრიალებენ და უკანონო საქმიანობას არ ეწევიან. მინიმალური შემოსავალი აქვთ.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
ეკონომისტი ჩვენთა საუბარში აღნიშნავს, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართული პირების გამოვლენა და მათი დასჯა ქვეყანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათსა და სახელმწიფოს შორის გარიგებები დგება, რითაც ჩინოვნიკები სარგებელს ნახულობენ.
,,რატომ არასდროს არ მიდის საუბარი ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრუნვაზე, ამ ფულის ამოღებაზე, მათ დაჭერაზე და გამოვლენაზე? გაჭირვებულ ხალხს დავსდევთ? მიკრო მეწარმეს 2 კაპიკი აქვს შემოსავალი და მის მიმართ უფრო მკაცრია სახელმწიფო, ვიდრე მსხვილი ბიზნესის მიმართ, რომელსაც ნაკლები სარგებელი მოაქვს ეკონომიკისთვის და მეტს ფულს იპარავს, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ. ეს იხსნება სახელმწიფოს მიდგომით. მსხვილ ბიზნესმენებთან ახერხებენ გარიგებას სახელმწიფო ჩინოვნიკები, მიკრო მეწარმეებთან არანაირი გარიგება მომგებიანი არ იქნება მაგათთვის.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
ექსპერტის შეფასებით საქართველოს კანონმდებლობაში შესაძლებელი დარჩენილი იყოს გვერდის ავლის საშუალება, რაც ბიზნესს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარება. მისივე შეფასებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყანაში დიდ მასშტაბს არ მოიცავს, თუმცა მისი არსებობა სახელმწიფოს დამოკიდებულების შედეგია.