29 მარტის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7516 ლარია.

გარდა ამისა,  კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მარტში დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით, ანუ 468 მილიონი ლარით გაიზარდა და 58.47 მილიარდ ლარს მიაღწია; კერძოდ,  2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საბანკო დეპოზიტების მოცულობა 11.27%-ით არის გაზრდილი. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ლარის კურსი მყარდებოდა, რამაც ეროვნული ბანკის რეზერვები მარტის თვეში დაახლოებით 102 მლნ დოლარით შეავსო.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის, ნიკოლოზ ყაველაშვილის შეფასებით, ლართან მიმართებით დოლარის კურსის ვარდნა შესაძლოა აშშ ვალუტის ჭარბ შემოდინებას უკავშირდებოდეს. 

„როცა რაღაცის ფასი იკლებს ან იმატებს, ეს მოთხოვნა მიწოდებას უკავშირდება. ვერ გეტყვით საიდან, მაგრამ შესაძლოა, რაღაც გზით დოლარების მოწოდება იზრდება, ანუ დოლარის ჭარბი მოწოდებაა, რის გამოც აშშ ეროვნული ვალუტა ლართან მიმართებით დასუსტდა.

სადღაციდან დოლარები ჭარბი რაოდენობით შემოდის, ამას სხვა ახსნა არ აქვს.

ზოგადად, დოლარი ევროსთან   მიმართებით სუსტდება და შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი“,- აღნიშნა „კომერსანტთან“ ნიკოლოზ ყაველაშვილმა.