დღეს საქართველოს ეროვნული ბანკში საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზედაც სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ.

სხდომაზე პირველ ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად  სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. 

ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია, რომელთაგან სამი ვიცე-პრეზიდენტია (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟანა და ნიკოლოზ გაგუა), ხოლო ოთხი არააღმასრულებელი წევრი (ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი).

საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი.