ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული წვენების მიმართ მაღალი ინტერესი გამოიკვეთა, - ამის შესახებ "ალალის" წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ძირითადად, მოთხოვნაა წითელ წვენებზე - მათ შორის, ბროწეულზე, ალუბალზე და ციტრუსზეა. მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15-20%-ით გაიზარდა.
გოჩა ღვინეფაძის თქმით, "ალალი" როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე თანაბრად ვითარდება და ფართოვდება.
"ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენა - World of Private Label International Trade Show-ში უკვე მესამედ ვმონაწილეობთ. მსხვილ ფირმებს თავიანთი ბრენდის ქვეშ სურთ საბოლოო პროდუქტის გამოშვება და ჩვენ მათ წვენებს დავუმზადებთ. საკმაოდ აქტიური გამოფენა იყო და ბევრი მსხვილი კომპანია იყო წარმოდგენილი. დადებითი მოლოდინები გვაქვს, რადგან დაინტერესება უკვე არსებობს სხვადასხვა კომპანიის მხრიდან. მათ შორის, ჩვენც წამოვიღეთ კონტაქტები და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას და ასევე, ამერიკასაც ვუგზავნით ჩვენს შესახებ ინფორმაციას.
ამჟამად, ჩვენი საექსპორტო ბაზრები რამდენიმე ქვეყანას მოიცავს. ესენია, ინგლისი, ამერიკა, ავსტრალია, ყაზახეთი, უზბეკეთი და ამ დღეებში, პროდუქციას უკრაინაშიც გავაგზავნით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დაინტერესება წამოვიდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ასევე, პოლონეთიდან. ჯამში ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის 50-60% იყიდება.
ადრე ჩვენი პროდუქციის უფრო დიდი წილი გადიოდა ექსპორტზე, თუმცა კომპანია "ბორჯომთან" პარტნიორობის შემდეგ გარკვეული წილი ადგილობრივ ბაზარზე გადმოვიდა. ჩვენ აქტიურად ვვითარდებით ორივე მიმართულებით. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოში "რედისონთან" და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკება. ამის შემდეგ სხვა ბრენდებთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს. საერთო ჯამში, როგორც ექსპორტი ისე, ადგილობრივი ბაზარი ერთნაირი პროპორციით იზრდება", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.