ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკრედიტებასთან დაკავშირებით სიტუაცია საყურადღებოა და მომავალშიც ღირს მასზე დაკვირვება.
მისი თქმით, ბოლო სამი წელია იანვარ-აპრილში საბანკო დაკრედიტების (ნაკადების - ახალი სესხების) საშუალო ზრდის ტემპი 17% იყო, რაც წელს 3.5-ჯერ შემცირდა.
„ბოლო სამი წელია (2022-2024), პირველ ოთხ თვეში (იანვარ-აპრილი) საბანკო დაკრედიტების საშუალო ზრდის ტემპი იყო 17%; წელს ეს მაჩვენებელი 3,5-ჯერ შემცირდა და 5,1%-მდე ჩამოვიდა. ეს ფაქტი, თავისთავად, ძალიან დაბალი და ცუდი მაჩვენებელია ქართული კომერციული ბანკებისთვის.
არანაკლებ საყურადღებოა სესხის ტიპების მიხედვით ოთხი თვის შედეგები (იხილეთ სურათი).
პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ დაკრედიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები SME-სესხებზე (+1,9%), იპოთეკაზე (-2%) და სამომხმარებლო სესხებზე (3,6%) მოდის.
ჩემი აზრით, ეს სიტუაცია შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას:
- გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის კლება (-2%), პირველ რიგში, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კლებით აიხსნება (ამის დასტურია უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება). მეორე მიზეზი პირველთან არის კავშირში; დაკლებული მოთხოვნა დეველოპერებს აუცილებლობის წინაშე აყენებს, მიმზიდველი შეთავაზებებით წაახალისონ გაყიდვები; ხშირად ეს გამოიხატება შიდა განვადებების ძალიან გულუხვი შეთავაზებებით, რაც, თავის მხრივ, იპოთეკური სესხის აღების საჭიროებას ხდის ზედმეტს.
- გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობის ძალიან დაბალი ზრდა (3,6%; ინფლაციის გათვალისწინებით, თითქმის ნულოვანი ზრდა), პირველ რიგში, წინა საკითხთან არის კავშირში. თუ იპოთეკური ბაზარი ეცემა, ამას, სამომხმარებლო სესხების ბაზრის კლება მოჰყვება ხოლმე, რადგან, ავტომატურად იკლებს მოთხოვნა რემონტზე და შესაბამისად, სარემონტო მასალებზე, ავეჯზე, ტექნიკაზე და შესაბამისად, სამომხმარებლო სესხის აღების საჭიროებაზე. ამას ემატება მოსახლეობის სიფრთხილე შესაძლო ეკონომიკური კრიზისის წინ, რაც ფულის დაზოგვაში და დანაზოგების გაკეთებაში გამოიხატება ხოლმე.
- გაცემული SME-სესხების მოცულობის მხოლოდ 1,9%-იანი ზრდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, წინა წლის შედეგის გაუარესებას ნიშნავს, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან, დაკრედიტების საჭიროების კლებაზე მიგვანიშნებს, შენელებული ბიზნესაქტივობის / შემცირებული საინვესტიციო საჭიროებებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, საბანკო სექტორის პოლიტიკის ცვლილებაზე, შესაძლო ეკონომიკური კრიზისის წინ, უფრო ფრთხილი დაკრედიტების პოლიტიკა აწარმოონ.
ამ ლოგიკის გაგრძელებაა მდგომარეობა დაკრედიტების სხვა სეგმენტებში:
- მიუხედავად ზრდის მნიშვნელოვანი კლებისა, მაინც, სხვებთან შედარებით, მსხვილი ბიზნესის დაკრედიტება უფრო სწრაფად იზრდება (+7,8%). ეს, დიდწილად, მსხვილი ბიზნესის შედარებით მყარ ბუფერებზე მეტყველებს, რაც ბანკებს მეტ გარანტიას აძლევს, რომ მათზე გაცემული სესხები მომავალში არ „გაფუჭდება“.
- საინტერესოა სხვა სესხების 14%-იანი ზრდაც. ჩემი ვარაუდით, აქ, ძირითადად, ოვერდრაფტებზეა საუბარი და ის გარემოება, რომ სხვა ტიპის სესხების კლების პირობებში, ამ ტიპის სესხზე მოთხოვნა მზარდია, შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას, არსებული შემოსავალი სულ უფრო მეტად არ ჰყოფნის.
რომ შევაჯამო, სიტუაცია საყურადღებოა და მომავალშიც ღირს მასზე დაკვირვება. ხოლო მესიჯებს, რომელსაც "ქართული ოცნების" სხვადასხვა წარმომადგენლისგან ვისმენთ (მაგ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან), რომ ეკონომიკის დაკრედიტების მხრივ საბანკო სექტორში მდგომარეობა ძალიან კარგად არის, უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთ წინასწარ გათვლილ პიარ სვლად შეგვიძლია შევაფასოთ“, - წერს გიორგი ხიშტოვანი.