გლობალური დაძაბულობის ფონზე ბიზნესგიგანტებმა ბიტკოინში ინვესტირება გაააქტიურეს.
ამ დროისთვის ბაზარზე ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციული მესაკუთრე ამერიკული კომპანია MicroStrategy, რომელიც 200,000-ზე მეტ ბიტკოინს ფლობს, ხოლო გასულ კვირას დამატებით 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა შეიძინა. კომპანიის განცხადებით, ბიტკოინში ამ მასშტაბით ინვესტირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანსა და ისრაელს შორის ბირთვული ომის საშიშროება გაჩნდა. ამავე მიზეზით, შეიძინა ბიტკოინები Tether-მა, Metaplanet-მა და Semler Scientific-მა.
„კრიპტო ბაზრის“ დირექტორის, ავთანდილ კუჭავას თქმით, კრიპტოვალუტების ფუნქციური ძალა პირველად რუსეთ-უკრაინის ომმა დაამტკიცა, როცა მესაკუთრეებმა ტრადიციული აქტივებზე კონტროლი დაკარგეს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კუჭავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოში ბიტკოინზე ჯერ კიდევ სუსტი ინტერესია.
„კრიპტოვალუტებში პირველი მასშტაბური იმპლემენტაცია რუსეთ-უკრაინის ომის დროს იყო, რა დროსაც ადამიანები ვერც ოქროს, ვერც უძრავ ქონებას ვერ განაგებდნენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბანკებმა ქეშის გაცემაზე დაიწყეს შეზღუდვები და საკუთარ ბარათზე ლიმიტებს უწესებდნენ. ყველაზე დიდი დადებითი მხარე, რაც ბიტკოინს აქვს ისაა, რომ მისი გამოყენება ომში საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგალითად, სახელმწიფოს თუ შეუძლია იმდენი ფიატი დაბეჭდოს რამდენიც უნდა (საუბარია Fiat money-ზე, თანამედროვე ქაღალდის ფული), ბიტკოინი კი სულ 21 მილიონია და მეტი ფიზიკურად ვერ იქნება. შეიძლება ვიღაცამ ბიტკოინით ერთი ომი აწარმოოს, მაგრამ მეტს ფიზიკურად ვერ დაიწყებს. ბიტკოინი სამყაროში ყველაზე კეთილშობილი ვალუტაა.
ჩვენთან ბიტკოინში ინვესტირების მხრივ დაინტერესება ისევ დაბალია; უკვე ამ ბიზნესებისთვის ახსნითაც დავიღალეთ. მალე თვითონვე მიხვდებიან და მოგვიკითხავენ; ახლა კი სამწუხაროდ, ბიზნესს ისე აკეთებენ, როგორც 90-იან წლებში, რაც ბიტკოინს არ სჭირდება“,- აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.