"რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-გან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?" - ასეთი კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ მოპასუხე მხარეს "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის სხდომაზე.
"ტაბულას" ცნობით, მანანა კობახიძემ ღიად აღიარა, რომ, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისას, თავადაც აუღია დაფინანსება უცხოური ორგანიზაციისგან, კერძოდ, GIZ-ისგან კვლევის ჩასატარებლად, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია დამოუკიდებლად ემუშავბა.
"კვლევა დაუფინანსებია GIZ-ს პირადად ჩემთვისაც, როცა ვმუშაობდი "კონსტიტუციის 42-ე მუხლში", იქ ყოველთვის ვუთითებდით ამ კვლევაზე, რომ კვლევაში გამოხატული აზრები, მოსაზრებები, პოზიციები არ გამოხატავს GIZ-ის რაღაც ინტერესებს და იმ წიგნში რას დავწერდით, ჩვენი იდეები რა იყო, რას განვახორციელებდით ვიყავით ამაში სრულად თავისუფალი. რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-ისგან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?" - თქვა მანანა კობახიძემ.