ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 6.4%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში გადასახადებით მიღებულმა შემოსავლებმა 21.496 მლრდ ლარს გადააჭარბა, ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ბიუჯეტში 20.198 მლრდ ლარზე მეტი შევიდა.

ბიუჯეტის შემოსავლებში, წლიურად ყველაზე დიდ ზრდას აჩვენებს სხვა გადასახადები. შემოსავლების ამ ნაწილში შარშან იანვარ-ივლისში -117 მილიონ ლარზე მეტი ფიქსირდებოდა, წელს კი 437 მილიონ ლარს აჭარბებს.

გარდა სხვა გადასახადებისა, გაზრდილია როგორც საშემოსავლო, ისე დამატებული ღირებულების, იმპორტის, ქონებისა და იმპორტის გადასახადები, თუმცა ვარდნას აჩვენებს მოგებისა და აქციზის გადასახადი.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის შვიდ თვეში 15%-ით შემცირდა მოგების გადასახადი. მაგალითად, წელს ბიუჯეტში მოგების გადასახადებმა 1.723 მილიარდ ლარს მიაღწია, შარშან კი 2.033 მილიარდ ლარს შეადგენდა.

კლებას აჩვენებს აქციზის გადასახადი. უფრო დეტალურად, 2025 წლის შვიდ თვეში აქციზიდან ბიუჯეტში 1.344 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა, ეს მაჩვენებელი 2024 წლის იმავე პერიოდში 1.441 მლრდ ლარს აჭარბებდა. კლება 2.9%-ს შეადგენს.

ამასთან, 12%-ით არის გაზრდილი ქონების გადასახადი. 2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში ქონების გადასახადით 532.6 მლნ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წლის ამავე პერიოდში კი 597.5 მლნ ლარზე მეტი.

საანგარიშო პერიოდში 6.1%-ით არის გაზრდილი დღგ-დან მიღებული შემოსავალი. 2025 წლის იანვარ-ივლისში დღგ-დან ბიუჯეტში შესულმა თანხებმა 5.598 მლრდ ლარს გადააჭარბა. გასული წლის შვიდ თვეში კი ამ თანხის მოცულობა 5.276 მლრდ ლარს აჭარბებდა.

13.8%-იან ზრდას აჩვენებს საშემოსავლო გადასახადი. 2025 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში შესულია 4.740 მლრდ ლარის საშემოსავლო გადასახადი, შარშან იმავე პერიოდში კი 4.163 მლრდ ლარის.

დაბოლოს, საანგარიშო პერიოდში 2.5%-ით გაიზარდა იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც გასულ წელს 81.5 მილიონ ლარს აჭარბებდა, წელს იანვარ-ივლისში კი 83.6 მლნ ლარს აღემატება.

წყარო: bpn.ge