ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების შევსება, მაგრამ ყოველთვის ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას. ვითარება ისეთია, რომ შემოდინება საკმაოდ ძლიერია. ბოლო პერიოდს თუ შევხედავთ, მაისის მონაცემებით, რაც არის ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებული, ძირითადი შემოდინების წყარო არის ექსპორტი და გზავნილები, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გზავნილების ზრდამ დაახლოებით – 12%, ხოლო ექსპორტის ზრდამ 15,7% შეადგინა. თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტი კარგად იზრდება, 10%-ზე მეტით.
„რატომ ვუსვამ ამას ხაზს, რადგან რეექსპორტის ნაწილიც საკმაოდ მსხვილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა და აქაც ძლიერი ტენდენციაა. ეს ორი ძირითადი არხია, რომელიც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში გამოიკვეთა. გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ლარიზაციის ტენდენცია, დეპოზიტები, განსაკუთრებით იურიდიულ პირებს რაც აქვთ ანგარიშებზე თანხები, თუ ვინმეს ჰქონდა დოლარი ან ზედმეტად ნაყიდი გაურკვევლობის პერიოდში, ხდება მისი გალარება“, – აღნიშნა ნათია თურავამ.
თურნავას თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი.
„ეს იყო გაურკვევლობის პერიოდი, მაგრამ მოკლეხნიანი. რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენმა ჩარევამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მთლიანობაშიც სტაბილურობამ შეუწყო ხელი. აქედან გამომდინარე, ჩანს სტაბილურობა ლარის მიმართ. ხდება გალარება დეპოზიტების. სხვათა შორის, თუ შევხედავთ საბანკო დეპოზიტების სტატისტიკას, ლარიზაციის პროცენტი მატულობს, დედოლარიზაცია მიმდინარეობს და დაახლოებით 1,2%-ით არის გაზრდილი წილი ლარში დედომინირებული დეპოზიტების. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარი ნახევარზეა. თუ ავიღებთ, 15 წლის წინ 75% იყო და მეტიც, მაგრამ აქ მთავარია ბოლო თვეების მაჩვენებელი, ჩანს, რომ სწორი იყო მიდგომა. ვინაიდან სავალუტო ბაზარზე არის სტაბილურობა, ნდობა ლარის მიმართ იზრდება და ლარიზაციის კოეფიციენტიც მატულობს, ესეც არის ერთ-ერთი წყარო ბაზარზე დოლარის მიწოდების და, ცხადია, ჩვენ ამით ვსარგებლობთ“, – აღნიშნა თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, ბუნებრივი პროცესია, რომ რეზერვების როგორც შევსება, ასევე რეზერვებიდან კანონზომიერი ხარჯვაც ხდება.
„ეს ემსახურება საგარეო ვალის მომსახურებას. ჩვენი ამოცანაა, მოხერხდეს ისე აკუმულირება, რომ ყოველთვის პოზიტიური და ზრდის ტენდენცია იყოს. ჩვენ ამის საშუალებას ვხედავთ. ასევე, ასეთ მახასიათებელსაც ვიტყვი, ძალიან იშვიათია, პრინციპში, არც მე და არც ჩვენს კოლეგებს არ გვახსენდება, ამ პერიოდში ერთდროულად ხდებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებაც და კომერციული ბანკების მიერ დოლარის ყიდვა დივიდენდებისათვის. ეს არის პერიოდი, როდესაც დივიდენდებს ყიდულობენ ჩვენი ბანკები. ეს ცალკე დაწოლაა ბაზარზე და ასეთ დროს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც წესი, ან ჩერდებოდა, ან აქეთ უწევდა მიწოდება დოლარის, რათა ზედმეტი რყევები არ ყოფილიყო. ახლა ერთმანეთს ვასწრებთ. დივიდენდების შეძენაც ისე მოხდა, რომ ბაზარს, პრაქტიკულად, არ უგვრძნია და ჩვენც ამ პერიოდში არ გავჩერებულვართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.