„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო.

BARTA არსებობის ექვსწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ამ ჯილდოს, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. კონკურსს წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.

კონკურსი დღეიდან იწყება და განაცხადების  მიღება 2025 წლის 31 ნოემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წელსაც BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.

2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას“. ეს ნომინაცია  აღიარებს და დააჯილდოებს დამწყებ კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა.

BARTA-2025 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს