საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდთან კომუნიკაცია ჰქონდა ყველა საკითხზე, რაზედაც IMF წუხილს გამოთქვამდა.
მისი თქმით, IMF-ის პროგრამა არ შეჩერებულა, დროებით გადაიდო პროგრამის მეორე მიმოხილვის IMF-ის ბორდის სხდომაზე განხილვა.
„ფონდის პროგრამა არ შეწყვეტილა, გადაიდო მისი მეორე მიმოხილვის განხილვა IMF-ის საბჭოზე. ამას დროებით შეფერხებად აღვიქვამთ. ვმუშაობთ ინტენსიურად არამხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყო ჩართული, IMF-თან პროგრამის მიმდინარეობის განხილვაში, IMF-მა გამოაქვეყნა კიდეც ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი ჰქონდა და საჯარო კომუნიკაცია იცით რომ ძალიან დადებითად შეაფასა არამხოლოდ ჩვენი და მთავრობის ძალისხმევა და მიმართება იმასთან დაკავშირებით რომ პროგრამა დაჩქარდეს, კვლავინდებურად გეგმის მიხედვით გაგრძელდეს. არამედ მთლიანად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ეს ყველაფერი აძლევს ფონდს საფუძველს რომ ძალიან ოპტიმისტურად იყოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმ წუხილს, რასაც IMF გამოთქვამდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან მიმართებით, მთავარი შინაარსი არის ის, რომ სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს მყარი უმრავლესობა არააღმასრულებელი წევრების, მიაჩნიათ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ეროვნული ბანკის მართვა. შევთანხმდით იმაზე, რომ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია იქნება მოვლენილი და ჩვენ მათ იურისტებთან ერთად და მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ რა წინადადებები შეიძლება შევიმუშაოთ და შევთავაზოთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი პროგრამასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ნათია თურნავამ.