საქართველოში 2026 წელს ამოქმედებული ახალი აგროდაფინანსების სახელმწიფო პროგრამა უკვე კონკრეტული ფინანსური პარამეტრებით არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების, აგრობიზნესისა და წარმოების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბენეფიციარებს სთავაზობს თანადაფინანსების მოდელს, სადაც პროექტის ღირებულების 50% ან 40% სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი თავად მონაწილემ უნდა უზრუნველყოს. თანადაფინანსების პროპორცია დამოკიდებულია პროექტის ტიპზე, მიმართულებაზე, რეგიონზე და საინვესტიციო სპეციფიკაზე.
პროგრამის დაფინანსების მოცულობა მერყეობს 100 ათასი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე, რაც მიუთითებს, რომ ინიციატივა გათვლილია არა მხოლოდ მცირე მასშტაბის მეურნეობებზე, არამედ განვითარებაზე ორიენტირებულ საშუალო და მსხვილ პროექტებზეც.
ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს რამდენიმე პრიორიტეტულ სექტორს, მათ შორის: მეცხოველეობა, მებაღეობა, მარცვლეული კულტურები, სათბურები, გადამამუშავებელი წარმოება, შენახვა-გაგრილების ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტები. აქცენტი კეთდება ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც ზრდის ადგილობრივ წარმოებას, ამცირებს იმპორტდამოკიდებულებას და ქმნის დამატებულ ღირებულებას რეგიონებში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველს, სავარაუდოდ, დასჭირდება რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური სტატუსი, ბიზნესგეგმა, თანამონაწილეობის ფინანსური შესაძლებლობის დადასტურება, მიწის ან ინფრასტრუქტურის სამართლებრივი საფუძველი და პროექტის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის წარმოდგენა.
ახალი პროგრამის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილია, რომ სახელმწიფო უკვე პირდაპირ სუბსიდირებიდან უფრო საინვესტიციო მოდელზე გადადის — ანუ ფული გაიცემა არა უბრალოდ დახმარების სახით, არამედ ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ეფექტს შექმნის.
საეჭვოდ მიიჩნევა ისიც, თუ რამდენად შეძლებს საშუალო ფერმერი თანამონაწილეობის თანხის მოძიებას, ხომ არ გახდება პროგრამა მხოლოდ ფინანსურად ძლიერი მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი და რამდენად გამჭვირვალედ გადანაწილდება რესურსი რეგიონებსა და სექტორებს შორის.მრამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მცირე ფერმერებისთვის, ვისზე გადანაწილდება ძირითადი რესურსი, რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ახალი ბაზა და რეალურად შეამსუბუქებს თუ არა სექტორის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მაღალი ხარჯები, დაბალი პროდუქტიულობა და ბაზარზე გასვლის სირთულეები.
სკეპტიკურად განწყობილი სპეციალისტებისთვის მთავარი კითხვაა, ახალი აგროდაფინანსების პროგრამა რეალურად დაეხმარება ქართულ სოფლის მეურნეობას, თუ იქნება მორიგი სახელმწიფო ინიციატივა, რომლის შედეგიც მხოლოდ ანგარიშებში გამოჩნდება?
სექტორის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების შეფასებებით, პროგრამის იდეა პოზიტიურად აღიქმება, რადგან აგროსფეროს კაპიტალზე წვდომა, ტექნოლოგიური განახლება და ფინანსური მხარდაჭერა რეალურად სჭირდება. თუმცა მთავარი სკეპტიციზმი უკავშირდება რესურსის განაწილებას, მცირე ფერმერების ჩართულობასა და შედეგების გაზომვას. ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორად განხორციელების შემთხვევაში პროგრამა სექტორს გააძლიერებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მხოლოდ თანხის გამოყოფა საკმარისი არ არის და საჭირო იქნება მკაფიო კრიტერიუმები, მონიტორინგი და ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკა.
მთავარი კითხვა
ახალი 2026 წლის აგროდაფინანსების პროგრამა იქნება რეალური გარდატეხა ქართული სოფლის მეურნეობისთვის, თუ ისევ სახელმწიფო თანხების გადანაწილების ფორმალური მექანიზმი?
მოკლედ გაგაცნობთ 2026 წლის ახალი აგროპროგრამის მიმართ გამოხატულ პოზიციებს, თუ რას ფიქრობენ მის მხარდამჭერები, რომლებიც ინიციატივას სექტორის გაძლიერების შანსად მიიჩნევენ და რას ამბობენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც პროგრამაში შესაძლო რისკებსა და სუსტ მხარეებს ხედავენ.
მომხრეთა შეფასებები:
1. დავით სონღულაშვილი — გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ახალი პროგრამები იქნება შედეგზე და პროდუქტიულობაზე ორიენტირებული.“
მინისტრი აქცენტს აკეთებს არა უბრალოდ დახმარებაზე, არამედ რეალურ ეკონომიკურ ეფექტზე.
2. ვახტანგ ჭარაია — ეკონომისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ვიცე-რექტორი
„ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაცია, სადაც უმთავრეს ადგილს ეროვნული წარმოება დაიკავებს.“
ჭარაიას შეფასებით, სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება უნდა იყოს, რაც აგროპროგრამის ლოგიკას ემთხვევა.
3. ზურაბ გოზალიშვილი — სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი
აცხადებს, რომ პროგრამები უნდა დაეხმაროს მწარმოებლებს ბაზრების გაფართოებაში და ექსპორტზე გასვლაში.
აქცენტი კეთდება ბაზარზე ორიენტირებულ ზრდაზე
4. სოსო არჩვაძე — ეკონომისტი, სტატისტიკოსი, საქსტატის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
„სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიული დარგების გაძლიერებაში.“
არჩვაძე ხშირად უსვამს ხაზს, რომ აგროსექტორის მსგავსი სფეროები მიზნობრივ მხარდაჭერას საჭიროებს.
კრიტიკული შეფასებები:
5. პაატა კოღუაშვილი — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აგრარული სფეროს ექსპერტი
არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართული აგროსექტორის მთავარი პრობლემა მცირე დანაწევრებული მიწებია.
კოღუაშვილის კითხვაა: შეძლებს თუ არა მსხვილი პროექტების პროგრამა მცირე ფერმერის დახმარებას
6. მერაბ კოკოჩაშვილი — ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.“
მისი აზრით, თანამონაწილეობის მოთხოვნა ბევრისთვის სერიოზულ ბარიერად რჩება.
7. მიხეილ სოხაძე — აგროეკონომისტი, რეგიონული განვითარების სპეციალისტი
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თუ ბენეფიციარები რამდენიმე დიდ მოთამაშეზე კონცენტრირდებიან, რეგიონული ეფექტი შეზღუდული იქნება. მისი აზრით, რისკია, რომ რესურსი რეგიონებში თანაბრად არ გადანაწილდეს.
8. ნიკოლოზ ბენიაიძე — აგრობიზნეს კონსულტანტი
ის ამბობს, რომ საშუალო მეურნეობების მხარდაჭერა კარგია, თუმცა მცირე ფერმერის გამორიცხვა შეცდომა იქნება.
მისი შეფასებით, პროგრამას პარალელურად მცირე გრანტების კომპონენტიც სჭირდება.
2020-2025 წლებში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე დაიხარჯა მინიმუმ, 2.1 მილიარდ ლარზე მეტი (მხოლოდ იდენტიფიცირებული პროგრამული პაკეტები).
უმსხვისეი მიმართულებები:
- შეღავათიანი აგროკრედიტი
- დანერგე მომავალი
- ტექნიკის თანადაფინანსება
- აგროდაზღვევა
- გადამამუშავებელი საწარმოები
- ერთწლოვანი კულტურების პროგრამა
- ანტიკრიზისული სასოფლო დახმარებები
- თხილის სექტორის დახმარება
- კოოპერატივების ხელშეწყობა

ფაქტია, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, თუმცა, საინტერესოა, ამ 2 მილიარდ ლარზე მეტმა რეალურად გაამდიდრა ქართველი ფერმერი თუ მხოლოდ პროგრამები გაიზარდა და შედეგი ვერ - ?
ოფიციალური მონიტორინგის ანგარიშებით, 2021-2023 წლებში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმების ფარგლებში ფაქტობრივმა ათვისებამ ჯამში დაახლოებით 2.39 მილიარდი ლარი შეადგინა, 2025 წელს კი მხოლოდ ერთი წლის ფაქტობრივი ათვისება 1.33 მილიარდ ლარს აჭარბებს. 2024 წლის ანალოგიური შესრულების ანგარიში სამინისტროს გვერდზე ამ ეტაპზე მკაფიოდ არ ჩანს.
2020-2025 წლებში აგროსექტორზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება (ოფიციალური ანგარიშების მიხედვით)

ოფიციალური მონაცემებით ჩანს, რომ აგროსექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილად დაფინანსებული ეკონომიკური მიმართულებაა და ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარი მიემართება, თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად შეცვალა სოფელი, წარმოება და ფერმერის შემოსავალი რეალურად?
წყაროები, რომელსაც ავტორი დაეყრდნო:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — ანგარიშები - MEPA Reports Page
- სოფლის განვითარების სააგენტო — პროგრამები - RDA Programs Page.
- სტრატეგიის ოფიციალური ანგარიშები 2021-2023
- 2021 წლის ანგარიში
2021 Monitoring Report PDF - 2022 წლის ანგარიში
2022 Monitoring Report PDF - 2023 წლის ანგარიში
2023 Monitoring Report PDF
4. 2026 მოქმედი პროგრამები (სოფლის განვითარების სააგენტო) - RDA Current Programs / Calls
5. ISET Agri Review (ბიუჯეტები და ანალიზი) - March 2025 Agri Review.
6. სამინისტროს ოფიციალური მთავარი გვერდი - MEPA Official Website