აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად შესაძლებელი გახდა ისტორიული ცვლილების რატიფიცირება. კერძოდ, ბანკის დამფუძნებელი წესდებიდან ამოღებული იქნება 12.1 მუხლი, რომელიც ადგენდა ბანკის დაკრედიტების ლიმიტს. ცვლილება საშუალებას მისცემს ADB-ის გაზარდოს სესხების მოცულობა 50%-ით, ანუ გადააჭარბოს 36 მილიარდ აშშ დოლარს ($), რათა დაეხმაროს განვითარებად წევრ ქვეყნებს რეგიონში განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გადაწყვეტაში. ინფორმაციას ADB ავრცელებს.

ეს 1966 წელს დაარსების შემდეგ ADB-ის წესდებაში შეტანილი პირველი ცვლილებაა და ძალაში შევა სამი თვის ვადაში, მას შემდეგ, რაც ADB ოფიციალურად აცნობებს წევრებს ცვლილების მიღების შესახებ.

ADB-ის წესდების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მმართველთა საბჭოს რეზოლუციით, რომელსაც მხარს დაუჭერს წევრთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი და წევრთა საერთო ხმის ძალის მინიმუმ სამი მეოთხედი. კენჭისყრის ზღვარი მიღწეული იყო 14 ნოემბერს 61 წევრის მხარდაჭერით (სია ქვემოთ). კენჭისყრა გაგრძელდება 30 ნოემბრამდე და შესაძლოა დამატებითი ხმების მიღებაც.

აღნიშნული ცვლილება ADB-ის გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს აქციონერების მიერ მოწოდებული შეზღუდული კაპიტალის რესურსების ოპტიმიზაციას რეგიონის ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერის მაქსიმალურად გასაზრდელად.

ADB-ის კაპიტალის გამოყენების გეგმა განსაზღვრავს გზას, რომელიც გაზრდის ADB-ის წლიურ ფინანსურ ვალდებულებებს და ის $24 მილიარდიდან (2024 წელს) 2034 წლისთვის $36 მილიარდს გადააჭარბებს. ცვლილება ეფუძნება 2023 წელს დამტკიცებულ კაპიტალის მართვის რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ADB-ის ფინანსურ შესაძლებლობებს, და მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან დადებულ პორტფელის კონცენტრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირების შეთანხმებებს.

ეს რესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ADB-ის შესაძლებლობებისთვის მიაღწიოს 2030 წლისთვის დასახულ კორპორაციულ მიზნებს, მათ შორის კერძო სექტორის დაფინანსების ოთხჯერ გაზრდას – 2030 წლისთვის წლიურად $13 მილიარდამდე – და უზრუნველყოს სუვერენული ოპერაციების 40%-ის კერძო სექტორის განვითარების პირდაპირი მხარდაჭერა.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

არსებული მდგომარეობით, ADB საქართველოს უმსხვილესი დონორი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციაა, რომლის მიმართაც სახელმწიფო ვალი 2.5 მილიარდ დოლარს აღწევს. ბანკი საქართველოში ძირითადად მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.