ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ქვეყანაში.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.
„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.