2025 წელს კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მობილური საფულეების მომხმარებელთა რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა, რაც ტექნოლოგიის ათვისების ტემპის დაჩქარებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital პუბლიკაციაში „ფინანსური ბაზრების გლობალურ მოლოდინებში“ აქვეყნებს.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, მტრული რეგულაციების მხარდამჭერი საკანონმდებლო ჩარჩოებით ჩანაცვლება და გამოყენების ახალი სფეროების გაჩენა- სტეიბლკოინებიდან დაწყებული ტოკენიზებული აქტივებით დამთავრებული - ბაზრის მომდევნო ციკლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„სტეიბლკოინები„ონ-ჩეინ“ ეკონომიკის ხერხემლად იქცა. შარშანდელი $46- ტრილიონიანი ბრუნვით (ორგანული აქტივობა: $9 ტრილიონი), ისინი უკვე უტოლდებიან Visa-სა და ACH ქსელებს და $150 მილიარდზე მეტ აშშ-ის სახაზინო ვალდებულებას ფლობენ. მიმოქცევაში არსებული დოლარის 1%-ზე მეტი უკვე საჯარო ბლოკჩეინებზეა ტოკენიზებული. ინსტიტუციური ათვისება მკვეთრად გაიზარდა.

Stripe, Circle და ფინანსური გიგანტები (Citigroup, JPMorgan, Fidelity, Mastercard, Visa) კრიპტოპროდუქტებს ნერგავენ, ხოლო პლატფორმები, როგორიცაა PayPal და Shopify, „ონ-ჩეინ“ საგადახდო ინფრასტრუქტურას აგებენ. ამ ინტეგრაციამ კრიპტო შესაძლოა ყოველდღიურ სერვისებში დაამკვიდროს და გლობალური სისტემა დააჩქაროს. კანონმდებლობამ სექტორის ზრდას ბიძგი მისცა.

GENIUS და CLARITY აქტები სტეიბლკოინებისა და ციფრული აქტივებისთვის აშშ-ში მკაფიო რეგულაციებს ქმნის, რაც ინსტიტუტების ნდობას ზრდის. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია GENIUS-თან თავსებადი სტეიბლკოინებისთვის (მაგ. USDC), რაც ოფშორული აქტივების (მაგ. Tether) ხარჯზე რეგულირებადი ბაზრის წილს გაზრდის. ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურა სწრაფად მომწიფდა. გამტარუნარიანობა 5 წლის წინანდელი <25 TPS-დან დღეს 3,400-მდე გაიზარდა (რაც Nasdaq-ის მოცულობებს უტოლდება), ხარჯები კი მინიმუმამდე დავიდა. პარალელურად, ქსელები პოსტ- კვანტური უსაფრთხოებისთვის ემზადებიან და $750 მილიარდის ბიტკოინის დასაცავად ახალ კრიპტოგრაფიას ნერგავენ.

2025 წელი გარდამტეხია: კრიპტო უკვე აღარ არის ნიშური ბაზარი, არამედ სწრაფად ინსტიტუციონალიზებული, გლობალური მნიშვნელობის ფინანსური ეკოსისტემაა, რომლის ბირთვსაც სტეიბლკოინები და მასშტაბური გამოყენებისთვის მზადმყოფი ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. 2026 წელი, აშშ-ის პრო- კრიპტო ადმინისტრაციის პირობებში, მნიშვნელოვანი იქნება, რაც ინოვატორებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. გადახდების პოტენციალს ბაზრების (TAM) ჭრილში ვაფასებთ:

• მთლიანობაში, სამომხმარებლო გადახდებს დისრაფციისადმი ყველაზე ნაკლებად მოწყვლადად მივიჩნევთ.

• სტეიბლკოინები საზღვრისპირა გადახდებს გააუმჯობესებს, თუმცა დანაზოგი ბაზრის მოლოდინზე ნაკლები იქნება.

• უახლოეს პერიოდში ყველაზე პერსპექტიული ადგილობრივი B2B და ხაზინის მართვაა.

შესაძლოა, ბაზარი გადაჭარბებით აფასებდეს სტეიბლკოინების დამანგრეველ გავლენას ტრადიციულ გადახდებზე, მაგრამ მათი სწრაფი ათვისება, ინსტიტუციური ზურგი და როლი„ონ-ჩეინ“ ფინანსებში მიუთითებს, რომ ისინი ფართო ფინანსურ ეკოსისტემაში მაინც ტრანსფორმაციულ როლს ითამაშებენ.

2025 წელს აშშ-ში კოტირებული მაინერების კაპიტალიზაცია~135%-ით გაიზარდა და ბიტკოინის 15%-იან მატებას მკვეთრად გაუსწრო. ზრდა არათანაბარი იყო— სტრატეგიული სვლების წყალობით ლიდერები IREN და CIFR გახდნენ. აქციებმა BTC-ს აჯობა, რაც განაპირობა: ოპერაციულმა ბერკეტმა, გაზრდილმა ჰეშრეიტმა, ენერგოეფექტიანობამ, მოპოვებული ბიტკოინის რეზერვებმა და დივერსიფიკაციამ (ჰოსტინგი, სტეიკინგი, განახლებადი ენერგია). მაინერებს შორის MARA და RIOT ძლიერი მენეჯმენტით, დიდი რეზერვებითა და ეფექტიანი წარმოებით გამოირჩევიან, რაც BTC-ის ფასის მცირე მერყეობისასაც მოგების საშუალებას იძლევა. ჩვენი პროგნოზისამებრ, 2025-ის II ნახევარში კაპიტალმა ბიტკოინიდან ალტკოინებში (ძირითადად Ethereum-ში) გადაინაცვლა.

BTC-ის ბაზრის წილი პიკური 64%-დან~4%-ით დაეცა, ივნისიდან კი Ethereum-მა მას~40%-ით აჯობა. ველით, რომ ეს ციკლი მინიმუმ 2026 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ბიტკოინი სტაბილურად გაიზრდება, თუმცა მისი დომინაციის კლება Ethereum-სა და რჩეულ ალტკოინებს დაწინაურებისთვის ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის“, - წერია პუბლიკაციაში.