საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 832.22 მილიონი ლარით (1.33%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.70%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.60% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 492.16 მლნ ლარით (1.38%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 340.07 მლნ ლარით (1.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.13%-ით).

2025 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.89% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.030 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.72 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.02%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.22 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.87%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.78 %-ით მეტი). 2025 წლის მარტის განმავლობაში 1.26%-ით, ანუ 402.88 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 32.46 მილიარდი ლარი შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.