ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქარხანა ამ ეტაპზე 60%-მდე დატვირთვით მუშაობს, თუმცა, თუ ფეროშენადნობებზე ფასი აიწევს, წარმოებაც გაიზრდება.

„საბედნიეროდ, წარმოება განახლდა, რაც მომდევო თვეებში დადებითად აისახება ექსპორტზე. როგორც იცით, „ჯორგიან მანგანეზს“ ზესტაფონის ქარხანა რამდენიმე თვე ჰქონდა გაჩერებული, ერთი ღუმელი ჩაირთო 1-ლი მარტიდან და ეტაპობრივად გაზრდიან მოცულობებს. ამ ეტაპზე, ქარხანა 50-60%-ანი დატვირთვით მუშაობს. თუ ფასები კიდევ გაიზარდა, გაზრდიან წარმოებასაც.

რაც შეეხება ჭიათურაში მოპოვებას, კომპანიამ ჩამოიყვანა ექსპერტი და იმანაც დაადასტურა, რომ ამ პერიოდისთვის მოპოვება არ არის მომგებიანი. ფეროშენადნობებზე ფასის ვარდნამ გამოიწვია მადნის ფასის ვარდნაც. შესაბამისად, როგორც კი გაიზრდება ფასი, ალბათ, ჭიათურაც განაახლებს მუშაობას. ამ ეტაპზე მოპოვება არ ხდება, არ უღირს კომპანიას“,- განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ წარმოება 2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან შეაჩერა და მთლიანად მართვის რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულის მიზეზად „ჯეორჯიან მანგანეზმა“ დაასახელა გლობალურ ბაზარზე ფასების დაცემა და მადნის დეფიციტი, რომელიც ჭიათურის მაღაროდან, მიმდინარე პროტესტის გამო, ვეღარ მოიპოვეს.

რაც შეეხება ჭიათურის მაღაროს, თანამშრომლები მარტიდან წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.

www.bpn.ge