კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოკლევადიანი გეგმები, რომლითაც დღეს მუნიციპალიტეტები ხელმძღვანელობენ, ნაკლებად გასაგებია მოქალაქეებისთვის და ასევე, ნაკლებია ნდობა ინვესტორებისა და დონორების მხრიდან.
„დღეს, მუნიციპალიტეტები მუშაობენ 1-წლიანი, მოკლევადიანი გეგმებით, რომლებიც მიბმულია ბიუჯეტის ერთწლიან ციკლზე და რეაგირებენ გადაუდებელ, დღევანდელ საჭიროებებზე. აგებულია პრინციპზე - რაც გვაქვს იმას ვხარჯავთ. ნდობა ნაკლებია ინვესტორებისა და დონორების მხრიდან, მოქალაქეებისთვის შედარებით ნაკლებად გასაგებია, რადგან მათ უფრო გრძელვადიანი გეგმები აინტერესებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტები უნდა გადაეწყონ გრძელვადიან გეგმებზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მისაღწევი შედეგები, პროექტები მიდის ლოგიკურ ჯაჭვად, ნაკლებია სპონტანურობა, დატოვება-მიტოვების და მსგავსი რისკები. პრიორიტეტები არის მკაფიოდ განჭვრეტადი. სტაბილურობა მეტია. ამცირებს მიდგომას, რომ ახალმა მერმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ასევე მეტია ინსტიტუციური მახსოვრობა, მეტია საიმედოობა დონორებისა და საიმედო ორგანიზაციებისთვის. მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტულია, რადგან პასუხობს კითხვას - როგორ ვითარდება და როგორი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტი გრძელვადიან პერიოდში. საბოლოოდ, ზრდის პასუხისმგებლობას როგორც ცენტრისა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ისე მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ბოლო პერიოდში, ვემუშავებით მუნიციპალიტეტებს ამ კუთხით. ეს პროცესი დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. შევხვდით მუნიციპალიტეტის მერებს და მათ გამოთქვეს მზაობა ითანამშრომლონ, მოამზადონ შესაბამისი პროექტები. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების მიერ უკვე მომზადებულია გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლებიც ასახავს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იდენტიფიცირებულია საჭიროებები განვითარებისათვის. რასაკვირველია, ყველა საჭიროებას ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი რესურსით ვერ მოერევა, ამისთვის საჭიროა, დარგობრივმა სამინისტროებმა, დარგობრივმა უწყებებმა განიხილონ ეს საჭიროებები და სამომავლო გეგმების სინქრონიზება
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარების კანონი საჭიროა დონორებთან თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებითაც.
„როგორც ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ასევე რეგიონულ განვითარებას ახლავს თავისი ეტაპები. პირველი ეტაპია უწყების ინსტიტუციური მზაობა. სამინისტროს სტრუქტურა, ძირითადი საკადრო პოზიციების შევსება, უფლებამოსილებათა მკაფიოდ განაწილება და საბაზისო დოკუმენტებზე მუშაობა - ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და გადავლახეთ, თუმცა ეს არის ეტაპი არა რეგიონებში, არამედ სამინისტროში. მეორე ეტაპია პოლიტიკის ფორმირება და პროგრამების შემუშავება. ეს არის საკანონმდებლო ბაზის გადახედვა-შემუშავება. განვითარების დოკუმენტები, სტრატეგია, პროგრამები, სამოქმედო გეგმები, კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან, სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან. დღეს, ჩვენ ამ ეტაპზე ვართ. კიდევ არის რამდენიმე ეტაპი. ეს გახლავთ ეტაპები, რომლებიც რეალურ შედეგებს და რეალურ ცვლილებებს გვაჩვენებს და მინიმუმ საშუალოვადიანი პერიოდი სჭირდება, დაახლოებით, 3-5 წელი. ამ ეტაპების ზედმიწევნით გავლის გარეშე რეალურ შედეგებზე რეგიონების განვითარების კუთხით საუბარი ალბათ პოპულიზმი იქნებოდა.
დავუბრუნდები იმ ეტაპს, რა ეტაპზეც ახლა სამინისტროა და რა ძირითადი გამოწვევები გვაქვს დღეის მდგომარეობით. ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს და სამართლებრივად დააფიქსირებს, რას ნიშნავს რეგიონი განვითარების მიზნებისთვის. კანონი შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის, შექმნის საფუძველს მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის. გამოკვეთს და გადაანაწილებს საჭიროებებს. დაგვანახებს ცალკეული რეგიონის პოტენციალს. შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას. ასევე, რეგიონული განვითარების კანონი კარგია დონორებისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად, რადგანაც დონორებს ყოველთვის აქვთ ასეთი მიდგომა, რომ მათ სჭირდებათ საკანონმდებლო ჩარჩო და კონკრეტული სტრატეგიები განვითარებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, პოლიტიკას გადავიყვანთ ფრაგმენტული ჩარევებიდან სისტემურ, პროგრამულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოდელზე. კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს და მისი განხილვა დაიწყება უწყებებში. ვეცდებით, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს ეს დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად,“- აღნიშნა კახა გულედანმა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს