ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრაში, რომელიც ლონდონში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ძალზე პრიორიტეტულია. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ვაჭრობის დამატებითი ხელშეწყობის საკითხი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შევძლებთ, პროგრესის მიღწევას.
ასევე ვხედავთ საქართველოში ბრიტანეთიდან უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას, რის შესახებაც საუბარი წარიმართა ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაცვალეს ინფორმაცია ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ გამოწვევებზე, შეთანხმების ფარგლებში არსებული ქვეკომიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვებასა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისებას, ქართველი ექსპორტიორების და საექსპორტო პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვების გამარტივებას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
სტრატეგიული შეთანხმება მოიცავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს როგორც სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ხელშეწყობას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში ბრიტანეთში ისევე როგორც ევროკავშირში შესაძლებელია ზოგიერთი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, მათ შორის თაფლის ექსპორტი.