წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის 1-ელ კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, ინვესტორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ხვდება რუსეთიც. საიდანაც 28.2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში. გთავაზობთ, ამ საწარმოების ტოპ-ათეულს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული.

შპს „წაღვერი“ – საწარმოს 50%-იან წილს ფლობს რუსეთის მოქალაქე სერგეი კაციევი, 50%-ს კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გოჩა ჩხაიძე. კომპანიის საქმიანობის სფეროს მინერალური წყლების ჩამოსხმა-ვაჭრობა წარმოადგენს;

სს „ნიჟფარმის წარმომადგენლობა საქართველოში“ - დამფუძნებელია რუსეთში რეგისტრირებული სს „ნიჟნი ნოვგოროდის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“. კომპანიის საქმიანობის სფეროს ფარმაცევტული მომსახურება წარმოადგენს;

შპს „ალისფერი აფრები“ - კომპანიის 42.5%-42.5%-იან წილებს ფლობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სერგეი ტოროპოვი და დენის უიმანოვი, ხოლო 15%-ს ივანე გოგოლაძე. კომპანიის საქმიანობის სფეროს ბინების მშენებლობა-გაყიდვა წარმოადგენს;

შპს „ახალი თბილისი“ – 10%-10%-იან წილებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები ადამ ტერტერიანი და დევიდ ჩავრაშიანი, 40%-40%-ს კი ორმაგი მოქალაქეობის (საქართველო-რუსეთი) მქონე რაფაელ სარკისიანი და გეორგი სარკისიანი. კომპანიის საქმიანობის სფეროს მრავალფუნქციური შენობების მშენებლობა-უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა წარმოადგენს;

სს „წაღვერი რიზორტ“ - სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე კომპანიას მართავს აქციონერთა კრება, მფლობელთა ვინაობა კი რეესტრში არ არის მითითებული;

შპს „ჯეთთიქლაუდ“ - მმართველობის ორგანოდ კომპანიას მითითებული ჰყავს საერთო კრება და დირექტორი. ამ უკანასკნელის პოზიციაზე კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დავიდ სლონიმსკი გვხვდება. კომპანიის საქმიანობის სფეროს აიტი მომსახურება წარმოადგენს;

შპს „ჯეოლოგ“ - საწარმოს 30%-ს ფლობს ვანო ქურხულიშვილი, ხოლო 70%-იან წილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნინო გვასალია; კომპანიის საქმიანობის სფეროს კვების პროდუქტების (ხორბლის) იმპორტი წარმოადგენს;

შპს „ეიარ-მერიდიანსი“ - საწარმოს ჯამში 71,2%-იან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - დიმიტრი საპგირი, პეტრე ალიოშინი, სერგეი ისააკიანი და რეფიყ კაიტამბა ფლობენ, 28,8%-ს კი შპს „ვალენტინი“, რომლის მფლობელები არიან: ლევან კალინინი, ზურაბ აბესაძე და ვასილ წერეთელი. კომპანიის საქმიანობის სფეროს უძრავი ქონების გაყიდვა წარმოადგენს;

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ - კომპანიის 70% ეკუთვნის კვიპროსზე რეგისტრირებულ პეფტერსონა ლიმითედს, ხოლო 30% - კვიპროსის მოქალაქე ილია ბულიჩევის საკუთრებაშია. კომპანიის საქმიანობის სფეროს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული მომსახურებები და რესტორნის ფუნქციონირება წარმოადგენს;

სს „პონტუს“ - რეგისტრაციის სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, კომპანიას ამ შემთხვევაშიც არ ჰყავს მითითებული, თუ ვინ არიან მფლობელები.

bpn.ge