2024 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ,,საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით ეს მაჩვენებელი 13,9%-ს შეადგენს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 2021 წელს იყო და ის 20,6%-ს შეადგენდა. ბოლო სამ წელში კი ეს მონაცემი კლების ტენდენციას ინარჩუნებს. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა ფაქტორებმა განაპირობა უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება. საკითხზე ჩვენ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. გოგა თუშურაშვილი აცხადებს, რომ ზუსტი დასკვნების გამოტანა ჯერ რთულია, რადგან ოფიციალურად ყველა მონაცემი არ გამოქვეყნებულა. მკვლევარი ამბობს, რომ სწორი შეფასების გასაკეთებლად საჭიროა საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულთა დინამიკის ნახვა, თუმცა გოგა თუშურაშვილი 2023 წელს IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასა და მის შედეგებს იხსენებს. ამბობს, რომ 2023 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მეტი იყო ვიდრე კერძო სექტორში. მისი შეფასებით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა არა ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებს, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება.
,, 2024 წელზე არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია. არ ვიცით სახელმწიფო სექტორში გაგრძელდა დასაქმების ზრდა თუ კერძო სექტორში. ზუსტად არ ვიცით რამ გამოიწვია უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება, თუმცა 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ანალიზი როგორც აჩვენებდა ეს ძირითადად განპირობებული იყო სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით. დასაქმებულთა რიცხვი უფრო მეტად იზრდება სახელმწიფო სექტორში, ვიდრე კერძო სექტორში. ეს მეტყველებს, რომ უმუშევრობის მაჩვენებლის კლება არ ხდება ჯანსაღი ეკონომიკური პროცესით. ეს არის გარკვეული პოლიტიკური მიზნებით. ეს წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნებთან კავშირში მყოფი ტენდენციაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო სახელმწიფო სექტორზე მიბმული, რათა მათზე გარკვეული პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობა ჰქონოდა მმართველ პარტიას. ეს აისახება საბოლოო ციფრებში, რასაც საბოლოოდ მივყავართ უმუშევრობის დონის შემცირებასთან, თუმცა ეს ვერ შეფასდება იმად, რომ არის გარკვეული ეკონომიკური ჯანსაღი პროცესის შედეგი. განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების შემდეგ არაერთი სექტორი აქტიურად ასახელებს, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკურ პრობლემები აქვთ შექმნილი, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ დასაქმების მაჩვენებლის ზრდა ამ სექტორების მაგალითზე მომხდარიყო.’’- აცხადებს IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი.
უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზებად შესაძლოა ასევე დასახელდეს ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინება. გოგა თუშურაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში ქვეყანა ბევრმა ადამიანმა დატოვა, რამაც სამუშაო ძალის შემცირება გამოიწვია. თუმცა მათი ნაწილი რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულმა მოქალაქეებს ჩაანაცვლეს. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალამ 2023 წელს 2%-იანი კლება განიცადა.
,,ქვეყანაში ასევე შემცირდა სამუშაო ძალა, რაც მიგრაციის შედეგია. საქართველოს მოქალაქეების გადინება ბოლო წლებში იყო ძალიან მაღალი, რაც ლოგიკურად იწვევს სამუშაო ძალის შემცირებას. მაგრამ ბალანსი იყო მაინც დაცული, რადგან რუსეთის მოქალაქეებით ჩანაცვლდა. დაახლოებით იმდენივე ადამიანი შემოვიდა ბოლო 2 წელში რუსეთიდან, რამდენმა მოქალაქემაც დატოვა ქვეყანა. ამის მიუხედავად 2%-ით შემცირდა სამუშაო ძალა. 2024 წელს პირველ და მეორე კვარტალებში აჩვენებდა, რომ გარკვეულ წილად იზრდებოდა თვითდასაქმებულთა რიცხვი. ჩვენი შეფასებით, ამაზე გარკვეულ გავლენას მოახდენდა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ აქტიური ბიზნეს საქმიანობის დაწყება. იგივე საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები, რომელთა 90%-ზე მეტი ინდ- მეწარმედ იყო რეგისტრირებული. ესეც გარკვეულ წილად მოახდენდა გავლენას თვითდასაქმებულების მაჩვენებელზე.’’- აცხადებს გოგა თუშურაშვილი.
ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი წარმოადგენს უმუშევართა პროცენტულ წილს სამუშაო ძალაში. ქვეყნის სამუშაო ძალად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია, ან უმუშევარია და სამსახურს ეძებს. კერძოდ, სტატისტიკის მიზნებისთვის უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ არის დასაქმებული და ბოლო 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს, ხოლო პოვნის შემთხვევაში მზად არის მუშაობა დაიწყოს უახლოეს ორ კვირაში. უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, დამოკიდებულია როგორც უმუშევართა რაოდენობაზე, ასევე სამუშაო ძალის რიცხოვნობაზე.