საქართველოს უძრავი ქონებით ბაზრით უცხოელები დაინტერესება დიდია. ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია, გრძელდება და უკვე საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს, რამაც შეიძლება დემოგრაფიის კუთხით პრობლემა შექმნას. დედაქალაქში და რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, მათი რიცხვი ყოველდრიურად იზრდება. ქართველები უწყვეტად გადიან ქვეყნიდან, პარალელურად კი მატულობს უცხო მოქალაქთა რიცხვი, რომელებიც საქართველოში უძრავი ქონების შეძენითა და ფეხის მოკიდებით არიან დაინტერესებული. 

როდესაც ქვეყანაში არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობაა, უცხოელთა მასობრივი დაინტერესება ჩვენს მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ უახლოეს მომავალში ვითარება არ შეიცვალა, სურათი სავალალო გახდება. მსგავსი პრობლემის წინაშე იყო საქართველო მიწის ნაკვეთების გაყიდვის კუთხითაც, თუმცა რეგულაციების შემოღებამ საკითხი მეტ-ნაკლებად გადაჭრა.

ანალიტიკოსი ზვიად ტომარაძე ცალსახად ამბობს, რომ ბიზნესინტერესებს ეწირება ქვეყნის ბედი, ხოლო ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება საქმის გადაჭრა, მოსალოდნელ საფრთხეს საერთოდ ვერ აღიქვამენ.

,,2018 წელს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დავწერე კანონპროექტი რომელიც ეხებოდა ბინადრობის უფლების ,,გაყიდვას". კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა, თუ  ბინას იყიდდა 35 ათას დოლარიდან, მას ეძლეოდა  ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ხოლო სანამ ქონება მის საკუთრებაში რჩებოდა, ყოველწლიურად, იუსტიციის სახლი უგრძელებდა ბინადრობის უფლებას. ფაქტობრივად, ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას უზრუნველყოფდა ეს შეძენილი უძრავი ქონება. მაშინ შევაგროვეთ 35 ათასი ხელმოწერა, მაგრამ მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს. ინიციატივა ჩავარდა.

ცხადია, ბიზნეს ინტერესები ხელისუფლების წარმომადგენლებში მაღალია. ისინი საფრთხედ არ აღიქვამენ სავალალო სიტუაციას. მიგრაციული პროცესები რას იწვევს ამის გაანალიზება ვერ ხერხდება. საწუხაროდ, მსგავსი მიზეზების გამო დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის 20%. ჭარბი მიგრაცია შემდგომში ხელს უწყობს კონფლიქტებს, დესტაბილიზაციას და ეთნიკურ-რელიგური ბალანსის დარღვევას. ამიტომაც ეს ყურადსაღები პროცესია.

ზოგადად, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემა მწვავეა. გაეროს მონაცემები საგანგაშოა და ახლა უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს. 2014 წლის მონაცემებით 3 მილიონ 700 ათასი ვართ და ამას თუ დავამატებთ ბოლო წლებში გაზრდილ მიგრაციას, კატასტროფულ სურათს მივიღებთ.

ასეთ ვითარებაში, როცა ჩამოდის უცხოელი, ყიდულობს უძრავ ქონებას და ფუძნდება, რადგან ლიბერალური საემიგრაციო პოლირიკია გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე  შეიძლება შეიცვალოს ეთნიკურ-კულტურული ბალანსი ჩვენდა საზიანოდ. პრობლემის მოგვარების ერთადერთი შანსი ისაა, რომ გამკაცრდეს რეგულაციები. ასევე, მნიშვნელოვანია საემიგრაციო პოლიტიკის გამოსწორება", - ამბობს  ზვიად ტომარაძე.

პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია. განსაკუთრებით საგანგაშო სურათია ბათუმში, სადაც ახალაშენებული ბინების უმეტესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ.

,, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების დაახლოებით 80-90% აქვთ შეძენილი. არც დედაქალაქშია სახარბიელო მდგომარეობა. ხომ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა არაა ისეთი, რომ შეწვდეს ახალაშენებულ ბინებს. მხოლოდ ემიგრანტები თუ ახერხებენ შეიძინონ. მყიდველთა ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან, რომლებიც საქართველოში დაფუძნებით არიან დაინტერესებული. ეს კი, დემოგრაფიული თვალსაზრისით, უახლოეს ათ წელიწადში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

კარგი მაგალითი მოხდა 2017 წელს ზელანდიაში, სადაც მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების შეძენას. რაც ახსნეს შემდეგნაირად, რომ სურდათ გამრავლება. იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე (ავსტრალიის) ძვირდებოდა ბინები და რაც მათ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

აკრძალვამ, ფასების კლება გამოიწვია და ამის შემდეგ ადგილობრივები გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობდნენ ბინებს. ამას ჩვენთან არავინ  გააკეთებს. აქ სამშენებლო ბიზნესის უმეტესობას, თითქმის 80% ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ. ისინი ფინანსურად არიან დაინტერესებულნი, ლობირებენ უძრავი ქონების ბიზნესს და  რაიმე ცვლილების მოლოდინიც არარეალურია", - დასძინა ტომარაძემ.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე ადასტურებს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ფონი ცუდია. ამდენი მშენებლობა კი არასწორია და საჭიროა მოხდეს საკითხის საფუძვლიანი შესწავლა.

,,თბილისში და ბათუმში იმდენი ბინა აშენდა, ვფიქრობ, საკმარისია და დამატება საჭირო აღარაა. ათიათასობით გასაყიდი ფართია. მშენებელი ყოველთვის დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი გაყიდოს. ქართველებმა თითქმის შეიძინეს ბინები. ბოლო წლებში ჩვენმა პრეზიდენტებმა 82 000 უცხო რეზიდენტებს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. ბუნებრივია, ისინი ეცდებიან იყიდონ ბინები და უფრო მეტიც, ძალიან ბევრი მიწაც იყიდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სად მიგვიყავნს ეს? ცხადია, ასეთი უკონტროლო მშენებლობები და გაცხოველებული ყიდვა-გაყიდვა დემოგრაფიულად საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას.

ასევეა აჭარაშიც. არაა იქ მოსახლეობის ის რაოდენობა, რა მასშტაბითაც კორპუსები შენდება. მშენებლები სხვა მიმართულებით უნდა დაკავდნენ. რეგიონების, გზებისა და ხიდების აგებით. დღეს რაც ხდება, ეს პროცესი დემოგრაფიულად დამღუპველია. სახელმწიფო ინტერესებში თუ არ შედის მსგავსი მშენებლობა, უნდა შეიმუშაონ გეგმა და შეაჩერონ.

ცარიელი ბინებით გადაივსო ქალაქები. როდემდე უნდა აშენდეს კორპუსები? ქვების გროვას დაემსგავსა დედაქალაქი. პარალელურად, უძრავი ქონება ძვირდება, რადგან უცხოელები იძენენ. ეს მოქმედებს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რომელიც დღითი დღე უარესდება. თუ გვინდა დავიცვათ თავი, ჩვენი ცხოვრების წესი და კულტურა უნდა შენარჩუნდეს", - აღნიშნავს ანზორ თოთაძე და ამატებს, რომ თუ სახელმწიფო მიზნებით არაა ნაკარნახევი ამდენი კორპუსის მშენებლობა, მაშინ პროცესი აუცილებლად უნდა გაჩერდეს.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ბინების შეძენით გამოჩენილ დიდ ინტერესზე საუბრობს „რემაქს რეალთი პარკის“ მმართველი მარიამ სურგულაძე. მოთხოვნა უფრო მეტად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების იმ მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება, რომელთაც ნაყიდი ქონების საფუძველზე ბინადრობის უფლების მოპოვება და შემდეგ ევროპის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება სურთ.

„საქართველოში უძრავი ქონების შეძენით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები ინტერესდებიან. მოთხოვნა არის, ძირითადად, მათგან, ვისაც სურს ნაყიდი ქონების საფუძველზე ბინადრობის უფლება მოიპოვოს და შემდეგ უკვე წვდომა ჰქონდეს ევროპის ქვეყნებში უვიზო გადაადგილებაზე. საუბარია, ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოგზაურობაც ვიზირებულია ევროპის ქვეყნებში,“ - აღნიშნა მარიამ სურგულაძემ.

წყარო: რეზონანსი