უამრავი ფაქტორი, რომელიც ქართულ ეკონომიკას სტაბილურობაში ამყოფებს, რა თქმა უნდა, გამოწვევის წინაშეა, როდესაც ქვეყანაში ვითარება პოლიტიკურად რთულდება, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამ მასშტაბის არასტაბილურობა, რომელიც გასცდა ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო დონეზეა ატაცებული გარკვეული ნეგატიური განწყობის განცდას ქმნის.

„ამ ყველაფერს დამატებული საარჩევნო წელი, დამატებული საშინაო თუ საგარეო წნეხი, საბოლოო ჯამში ქმნის გარკვეულ არასტაბილურობის განცდას ინვესტორისთვის, რომელსაც შეიძლება საქართველოსთან თავისი მომავლის დაკავშირება სურდეს. ამით მე არც ვინმეს ვაკნინებ და ან ვინმეს ვახალისებ, რომ პროტესტი გამოხატოს, ან არ გამოხატოს, ამას გვერდზე ვდებ და ვაფასებ სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის არასტაბილურობა, მით უმეტეს ამ მასშტაბის არასტაბილურობა, რომელიც გასცდა ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო დონეზეა უკვე ატაცებული ჩვენი პარტნიორების მიერ, ქმნის გარკვეული ნეგატიური განწყობის განცდას, რომელიც საბოლოო ჯამში ბიზნესს ვერავითარ შემთხვევაში ხელს ვერ შეუწყობს“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მთავარი მიზანი ეკონომიკის და პარტნიორების შენარჩუნება უნდა იყოს, რადგან ბაზრის დაკარგვა ძალიან მარტივია, ხოლო აღდგენა ძალიან რთული.

„მე არ მინდა წარმოვიდგინო საქართველო დასავლელი პარტნიორების გარეშე. ძალიან დიდი იმედი მაქვს და არ მინდა დავიჯერო, რომ დავკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას, მივიღებთ ამ კანონს თუ არა. ეს გამორიცხული ამბავია, არაფერი არ გვიღირს იმად, რომ დავკარგოთ დასავლეთის მხარდაჭერა. ჩვენ დამოუკიდებლები და მარტო ამ რეგიონში ვერ ვითამაშებთ, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისიაა. თუკი ხელისუფლება, ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები თუ საზოგადოება შეძლებს ამ პროცესების ისე მართვას, რომ საბოლოო ჯამში ყველას ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული, ან ვიღაცამ იმდენი დათმოს რისი დათმობაც შეუძლია და საბოლოო ჯამში ჩვენ არ დავკარგავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის კურსი იქნება, ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, თუ ბიზნეს სექტორი ყველა პირი შეიძლება ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგეს, რაც საბოლოო ჯამში ქართულ ეკონომიკას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს.

გაძლებით უარესსაც გავუძლებთ, მაგრამ მიზანი არ უნდა იყოს გავუძლოთ ყველაფრის ფასად. მიზანი უნდა იყოს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკა, შევძლოთ, რომ უკან არ წავიდეს, რომ არ დაკარგოს აქტუალურობა, სამუშაო ადგილები, შემოსავლები, პარტნიორები, რომლებიც ჰყავს, რადგან ბაზრის დაკარგვა ძალიან მარტივია, ხოლო აღდგენა ძალიან რთული. ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, - აცხადებს ჭარაია.

bp.ge