თურქეთში სიტუაცია დრამატულია. გამოსვლებმა და საპროტესტო აქციებმა ქვეყანაში მდგომარეობა შეცვალა. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაუფასურდა თურქული ლირა და რთული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, ამიტომ საინტერესოა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა როგორ იმოქმედებს ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე?

უკვე თითქმის ერთი კვირაა, თურქეთის მოსახლელეობა ქუჩაშია გამოსული და, დაკავებების მიუხედავად, ბოლო დეკადების განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტს გამოხატავს. პროტესტის ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სტამბულის მერს კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პოლიტიკურმა კრიზმა თურქეთის ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა. ადგილობრივი ვალუტა თანდათან უფასურდება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარი 38 ლირა ღირს, რაც ერთკვირიან ინტერვალში თითქმის 3.5%-იანი ვარდნაა. ეკონომისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კი თურქეთში მდგომარეობა არ შეიცველება ან უფრო გართულდება, ლირა მეტად გაუფასურდება, რაც თურქულ პროდუქტს გააიაფებს.

ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა პოლიტიკური დაძაბულობის ასახვა საქართველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, თუმცა ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა იმ მოცემულობაზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, უფრო რეალური აღმოჩნდეს.

"თურქეთში პროცესები ძალიან დაძაბულია, თუმცა გარკვეულ კონტროლს მაინც ექვემდებარება. რა თქმა უნდა, იქ შექმნილ მდგომარეობას გარკვეული გადაცემა აქვს ეკონომიკურ ფაქტორებზე. საპროტესტო აქციებისა და პროტესტის დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვან დევალვაციას განიცდის ლირა. რასაკვირველია, თურქეთის ცენტრალურ ბანკს ძალიან დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ გარკვეულწილად კურსის ფიქსაცია მოახერხოს, მაგრამ ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა და ჩვეულებრივი საბაზრო პრინციპების ფარგლებში დაექვემდებარება ლირა კონტროლს და მკაცრი ჩარევა არ დასჭირდება.

რაც შეეხება ასახვას ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე, რა თქმა უნდა, თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვანი გადაცემა აქვს ჩვენზე. ერთ-ერთი მჭიდრო კავშირი სწორედ ქვეყანასთან გვაქვს.

ყველაზე უფრო მოსალოდნელი შემდეგი სცენარია, რომელიც ასეთ სიტუაციაში ვითარდება: რა თქმა უნდა, ლირის გაუფასურება გამოიწვევს თურქული პროდუქციის გაიაფებას. ვიცით, რომ საქართველოში თურქული იმპორტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. დაბაფლასიანმა იმპორტმა, შესაძლოა, გარკვეული პრობლემა შეუქმნას ადგილობრივ წარმოებას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მომძლავრებული იმპორტი გულისხმობს მეტი უცხოური ვალუტის გადინებას საქართველოდან, რაც არ არის კარგი.

კიდევ შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიურ მომენტზე ვისაუბროთ, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირაა პროცესებს ვაკვირდებით და ქართულ ლარზე არავითარი გავლენა არ იგრძნობა, ამიტომ ეს მხარე შეიძლება გამოვრიცხოთ. ზოგადად კი გააჩნია სიტუაციას, თვენახევრიდან სამ თვემდეა ხოლმე ეკონომიკურ ერთიერთობებში გადაცემის პროცესი”, - ამბობს  ბაირახტარი.

იმისათვის, რომ ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ურთიერთობა უფრო ცალსახა იყოს, გეტყვით, რომ თურქეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 384 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

თურქეთთან ვაჭრობა დეფიციტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ბევრს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. ასე მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში თურქეთიდან იმპორტირებულია 337.9 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, ადგილობრივ ექსპორტი კი სულ 40.5 მლნ დოლარი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად თურქეთთან შემცირებულია ქართული პროდუქციის ექსპორტიც და იმპორტიც, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, თურქეთიდან ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა, საქართველოდან გადარიცხვები კი შემცირდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში გადმორიცხვები წლიურად 6.6%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, ამ პერიოდში გადმოირიცხა 15.7 მილიონ დოლარზე მეტი, გასული წლის პირველ ორ თვეში კი 14.7 მილიონი დოლარის ოდენობის.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს - 2025 წლის იანვარ-თებერვალში გადარიცხულია 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 11.7 მილიონ დოლარზე მეტი. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან გადარიცხვები 5.6%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში საქართველომ სტრატეგიული სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

"თურქეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია უკვე მეოცე წელიწადია. 2006 წლის მერე, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გარკვეულ პროდუქციაზე ემბარგო გამოაცხადა. დღესდღეობითაც ლიდერია საქონელბრუნვის მიხედვით.

იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური პრიცესები, რომ ამ მიმართულებით ზუსტი პროგნოსის გაკეთება საკმაოდ რთულია. თურქულ ლირის დევალვაცია დაიწყო, მაგრამ ექნება თუ არა ასახვა ეკონომიკის სექტორებზე, რთული სათქმელია.

გამოსვლებს ჯერ ბოლო არ უჩანს და პრეზიდენტის მხრიდან ტერორისტულ აქტად არის შეფასებული. ეს კი საზოგადოებრივი დიფერენციის დაპირისპირების ტალღას არათუ ამცირებას, არამედ ზრდის კიდევაც.  ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ საქართველოს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და შევინარჩუნოთ სტრატეგიული სიმშვიდე იმ მიმართულებით, რომ არ გვაწყობს მღელვარება არც ერთ მეზობელ ქვეყანაში.

უკვე ნამდვილად მოხდა ვალუტის დევალვაცია, რაც თურქულ საქონელს გააიაფებს და მეტი ექსპანსიის რესურსს გააჩენს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ წარმოების მასშტაბი უცვლელი დარჩება ან უფრო გაიზრდება. თუ ამას პარალელურად მოჰყვა რეცესიისა და კრიზისის ნიშნები, რაც გამოხატულებას ჰპოვებს წარმოების აბსოლუტური მოცულობის შემცირებაში, მაშინ, აქაც შეიძლება გაკვეული გადამისამართება დაგვჭირდეს ჩვენი შიდა ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად”, - ამბობს არჩვაძე.

წყარო: რეზონანსი