წლის მეორე ნახევარში, წლის ბოლოსთვის ინფლაციური წნეხი მოიმატებს. წლის ბოლოსთვის ველოდებით ინფლაციას 4%-ის ფარგლებში, ეროვნულ ბანკს კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება აღარ ექნება, - ამის შესახებ BMG-ის Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

ევა ბოჭორიშვილი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შესაბამისად, არსებულ, 8%-ზე დარჩება.

„რასაც ვაკვირდებით, მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. 5 თვეში ეს დაახლოებით 9%-ია. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზს გადავხედეთ. 2024 წლის განმავლობაში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. ამაზე გავლენა უკვე ფაქტიურ მაჩვენებლებს აქვს. რასაც ვხედავთ, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა არის. ამ ეტაპზე ეკონომიკური აქტივობა არ არის შენელებული, შესაბამისად, ზრდის კუთხით ვერ ვხედავთ დაბრკოლებებს მოკლევადიან პერიოდში. რაც შეეხება ინფლაციას, აპრილ-მაისში ჩანს, რომ ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბლა ნარჩუნდება, მაგრამ არის ეტაპობრივი ზრდა.

ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნახევარში ფასების ზრდის ტემპი გაგრძელდება. ამაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე იმ საქონლის ფასების ზრდა როგორიც არის სურსათის, ნავთობის ფასები, რასაც გავლენა აქვს საქართველოში ფასების დონეზე. ასევე გარკვეულწილად ლარის კურსის მერყეობას, რასაც ასევე გავლენა აქვს. ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში, წლის ბოლოსთვის ინფლაციური წნეხი მოიმატებს და წლის ბოლოსთვის ინფლაციას 4%-ის ფარგლებში ველოდებით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება აღარ ექნება, რომელიც ამ ეტაპზე 8%-ია. ჩვენი მოლოდინით, რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე ამ ნიშნულზე დარჩება“, - თქვა ევა ბოჭორიშვილმა.

bm.ge