აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ მანდარინის რეგიონში მანდარინის რეალიზაციის პრობლემაა, რაც რუსეთის ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პროდუქტის მთავარ საექსპორტო ბაზრად სახელდება, არსებული შეფერხებებით არის განპირობებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე ექსპორტირებულია 17 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი.
“აჭარაში ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 17 210 ტონამდე სტანდარტული მანდარინი რომლის ჯამური ღირებულება 10 მლნ დოლარამდეა. გადამუშავდა 10 400 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 3.6 მლნ ლარზე მეტი სუბსიდია გაიცა”, - აცხადებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
როგორც ცნობილია, ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი 29 ოქტომბერს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ შტაბის მუშაობის მიზანია ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად აღება, დაბინავება და რეალიზაცია. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი 60–65 ათას ტონას მიაღწევს. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია წელს 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.